ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა 23 დეკემბერს აღიარა, რომ ისრაელმა მოკლა ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, წლის დასაწყისში.
კაცმა მუქარა გამოთქვა, რომ “თავს წააცლის” იემენელი მეამბოხეების ჰუთიტების ხელმძღვანელობას. „ჰუთიტებს მძლავრად დავარტყამთ… და თავს წავაცლით მათ ხელმძღვანელობას – ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიეს, სინვარის და ნასრალას შემთხვევაში თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ასევე ვიზამთ ჰოდეიტსა და სანაში,“ – თქვა კაცმა.
მისი გამოსვლა ისრაელის თავდაცვის სამინისტროში გამართული თავყრილობის დროს იყო პირველი საჯარო აღიარება იმისა, რომ ისრაელი დგას ირანის დედაქალაქში ჰანიეს მკვლელობის უკან.
„ნებისმიერს, ვინც ზელს აღმართავს ისრაელზე, ხელს მოვაჭრით, და მას მოხვდება და პასუხისმგებლობას მოსთხოვს ისრაელის არმიის გრძელი ხელი,“ – თქვა კაცმა, როგორც სამინისტრო აცხადებს.
დღემდე ისრაელს არ უღიარებია, რომ მოკლა ჰანიე, მაგრამ ირანი და ჰამასი მას ადანაშაულებდნენ ჰამასის ლიდერის მოკვლაში.
ჰანიე თეირანში ემსხვერპლა აფეთქებას სტუმრებისთვის გამოყოფილ ბინაში, 31 ივლისს. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იქ ისრაელის აგენტებმა იქ მოათავსეს რამდენიმე დღით ადრე. ჰანიე თეირანში წინა დღით ირანის პრეზიდენტის, მასულ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.
27 სექტემბერს ისრაელმა მოკლა ნასრალა ბეირუთში, 16 ოქტომბერს კი ღაზის სექტორში ჰანიეს მემკვიდრე თანამდებობაზე, სინვარი.
ისრაელის ოფიციალური პირები თვლიან, რომ სინვარმა მოამზადა ისრაელზე თავდასხმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, რის საპასუხოდაც დაიწყო ისრაელმა საომარი მოქმედება ღაზაში.
ფორუმი