ისრაელი თანახმაა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ „ჰამასთან“ დროებით ზავზე

ს მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს, 22 ნოემბერს გამოაცხადა 6-საათიანი მწვავე განხილვის შემდეგ. ისრაელის მინისტრთა კაბინეტი „ჰამასთან“ დროებით ზავს ხმათა უმრავლესობით დაეთანხმა. ტელეკომპანია CNN-ის წყაროს ცნობით, წინააღმდეგი იყო მთავრობის მხოლოდ ორი წევრი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი.
ისრაელის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ სულ მცირე 50 ქალის და ბავშვის გათავისუფლებას. სანაცვლოდ ისრაელის არმია ღაზის სექტორში 4 დღით შეწყვეტს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას.
თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების კიდევ ერთ პირობად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან 150 პალესტინელის – ქალების და არასრულწლოვნების გათავისუფლება. ასევე, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის და საწვავის შეტანა. ისრაელი ამ პუნქტების შესახებ ოფიციალურად არაფერს იუწყება.
ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებაში შუამავლის მისიას კატარი ასრულებს. პირველი ცნობები, რომ შეთანხმება პრაქტიკულად, მიღწეულია, 21 ნოემბერს გავრცელდა. დილით, ჯერ „ჰამასმა“ გამოაქვეყნა მისი ლიდერის, ისმაილ ჰანიას განცხადება, რომ შეთანხმებასთან ახლოს არიან, საღამოს კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ პროგრესი არის და მალე კარგ ახალ ამბებს ელოდებიან.
ისრაელის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.