ისრაელი და „ჰამასი“ დადებულ ზავს იცავენ და შემდგომ გახანგრძლივებას განიხილავენ

სამშაბათი მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ზავი მოქმედებს. დროებითი, ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის მიზანი მძევლების გათავისუფლებაა, ბოლო მომენტში 48 საათით გახანგრძლივდა.
დილით, ღაზის ქალაქ შეიხ რადვანის რაიონში ს ტანკების სროლის შესახებ, ორივე მხარემ განაცხადა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა თქვა, – „მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილები IDF-ის ჯარებს მიუახლოვდნენ, ტანკმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.“
მიმდინარე ზავის განმავლობაში, „ჰამასის“ მებრძოლებმა, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აყვანილი 240 მძევლიდან, 50 ისრაელელი ქალი და ბავშვი, მათ შორის ჩვილები გაათავისუფლეს. სანაცვლოდ, ისრაელმა თავისი ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, – ქალები და მოზარდები.
მიმდინარე ზავის პარალერული, ცალკეული გარიგების საფუძველზე, „ჰამასმა“ ასევე გაათავისუფლა 19 უცხოელი მძევალი. ძირითადად ტაილანდელი ფერმერები.
ისრაელმა განაცხადა, რომ ზავი შეიძლება გაგრძელდეს იქამდე, სანამ „ჰამასი“ დღეში მინიმუმ 10 მძევლის გათავისუფლებას განაგრძობს. მიმომხილველები ამბობენ, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში სულ უფრო ნაკლები ქალი და ბავშვი რჩება, ზავის განმავლობაში, დატყვევებული ისრაელელი მამაკაცების პირველად გათავისუფლება კი შესაძლოა ახალ მოლაპარაკებას მოითხოვდეს.
„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხალილ ალ-ჰაიამ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ისრაელი შეთანხმებას დაიცავს „რადგან ჩვენ ვისწრაფვით ახალი შეთანხმებისკენ, რომლის მიხედვით, გარდა ქალებისა და ბავშვებისა, ჩვენ შეგვეძლება გავცვალოთ სხვა კატეგორიები, რომლებიც გვყავს“.
ისრაელის უშიშროების მინისტმა, გედეონ საარმა არმიის რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ზავის ორდღიანი გახანგრძლივება, თავდაპირველი შეთანხმების პირობებში გათვალისწინებული იყო. მისი თქმით, ისრაელი მზადაა ზავი კიდევ უფრო გაახანგრძლივოს, თუ „ჰამასი“ მეტ მძევალს გაათავისუფლებს. „მძევლების დაბრუნების პროცესის დასრულებისთანავე, საომარი მოქმედებები განახლდება“, – განაცხადა მან.