ისრაელი აცხადებს, რომ მომდევნო ოპერაცია ღაზის სექტორში ქალაქ დეირ ელ-ბალაჰს შეეხება

ისრაელის სამხედრო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ ისინი ემზადებიან ღაზის ცენტრალურ ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, რაც პირველად ხდება 2023 წლის ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. ს თავდაცვის ძალებმა (ცახალი) სპეციალური გაფრთხილება გაავრცელეს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ უბნების მაცხოვრებლებისთვის და მოუწოდა მათ ევაკუაციისკენ.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ოპერაციებს იმ ტერიტორიებზე აფართოებენ, რომლებსაც აქამდე არ შეხებიან და რომ მიზანი ჰამასის დაჯგუფების ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რომელიც -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული.
დეირ ელ-ბალაჰში დაგეგმილი შეტევა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზე ხორციელდება, ჰამასი კი აცხადებს, რომ შეთანხმება შესაძლოა მომავალ კვირას მიღწეული იყოს.
ცნობილია, რომ დეირ ელ-ბალაჰში ადრეც ჰყავდათ რამდენიმე მძევალი, ისრაელის სამხედროები კი თავს იკავებდნენ იქ ოპერაციებისგან, რადგან ჰამასი მძევლების მოკვლით იმუქრებოდა, თუ ისრაელის სამხედროები მიუახლოვდებოდნენ იმ ადგილებს, სადაც ისინი იმყოფებიან.
მძევლების ოჯახის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს ისრაელის სამხედროების მიერ ქალაქში ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების გამო.
ქალაქში ცხოვრობენ ღაზის სხვა რაიონებიდან ლტოლვილები, ომისგან დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც ახლა კვლავ სხვაგან მოუწევთ თავშესაფრის ძებნა.
ისრაელმა სამხედრო ოპერაციები ღაზაში დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორის კონტროლირებადი დაჯგუფების, ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
პალესტინის მხარის ცნობით, ბრძოლებისა და საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში დაახლოებით 58 000 ადამიანი დაიღუპა; ისრაელი ამ მონაცემს ეჭვქვეშ აყენებს და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, რამდენი ჰამასის წევრი დაიღუპა და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე.
50 ადამიანი კვლავ მძევლად რჩება, რომელთაგან ნახევარზე მეტი, როგორც ამბობენ, დაღუპულია.
შაბათს საღამოს თელ-ავივში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვდა. მონაწილეებმა ასევე მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებისთვის.
ფორუმი