ისრაელის ძალები ღაზაში, დასავლეთ ხან იუნისს უტევენ. ღაზის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მიმდინარე წლის ყველაზე სისხლიანი შეტაკებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა ხან იუნისში ერთი საავადმყოფო აიღეს, ხოლო მეორეს ალყა შემოარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინელი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ჯარები პირველად ალ-მავასის რაიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, ხან იუნისის დასავლეთით შევიდნენ. ხან იუნისი სამხრეთ ღაზის მთავარი ქალაქია.
აღებული საავადმყოფოსა და იქ არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ ისრაელში.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის თქმით, ისრაელის ტანკებმა ალყა შემოარტყეს ხან იუნისის კიდევ ერთ საავადმყოფოს, ალ-ამალს, სამაშველო სააგენტოს შტაბ-ბინას. წითელ ნახავარმთვარის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონტაქტი დაკარგეს.
პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ხან იუნისში, გასულ ღამეს, მინიმუმ 50 ადამიანია მოკლული, ხოლო საავადმყოფოს აღება ათობით ადამიანის სიკვდილს ნიშნავს, ვინაიდან დაჭრილებს აღარ აქვთ ექიმებთან და საავადმყოფოსთან წვდომა.
”ისრაელის ოკუპაცია ხელს უშლის სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილებას მოწამეებისა და დაჭრილების ცხედრების გამოსაყვანად დასავლეთ ხან იუნისიდან,” – ამბობს ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი აშრაფ ალ ქიდრა.
ისრაელი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც “ჰამასი” ცოცხალ ფარად იყენებს, მისი სამიზე არ არის. ისრაელის ტავდაცვის ძალების განცხადებით, “ჰამასის” მებრძოლები საავადმყოფოებსა და მის მიმდებარედ არიან განლაგებული.