ისრაელის ძალები ღაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში უფრო ღრმად შევიდა

პარასკევს, 28 ივნისს, ს ძალებმა გააფართოვა შეჭრის რადიუსი ღაზის სექტორის ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში. “ჰამასის” მიერ მართული პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, რაფაში ტანკების დაბომბვას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელის ძალებმა განაგრძო ახალი შეტევა შეჯაიას რაიონში, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, სადაც ტანკები ხუთშაბათს შევიდნენ. ამას ისრაელის თავდაცვის ძალებსა და “ჰამასის” წარმომადგენლებს შორის, მძიმე ბრძოლები მოჰყვა.
პალესტინელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ისრაელის დაბომბვის შედეგად, იქ რამდენიმე პალესტინელი დაიღუპა და დაიჭრა და რომ სამედიცინო გუნდებმა, სამხედრო შეტევის გამო, ზოგიერთ დაშავებულამდე ვერ მიაღწიეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი შეჯაიაში “მიზანმიმართულ” რეიდებს აწარმოებდნენ და დასძინეს, რომ ამ მხარეში, ისრაელის საჰაერო ძალებმა “ჰამასის” ათეულობით სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ჰამასის” ერთი მებრძოლი, რომელიც მოქმედებდა ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი ტერიტორიიდან, დაიღუპა ღაზის სექტორის ცენტრალურ, დეირ ალ-ბალაჰის რაიონში შეტევისას. ისრაელი ასევე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად, მან ზომები მიიღო და “ჰამასი” პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად სისტემატურ გამოყენებაში დაადანაშაულა. “ჰამასი” ამას უარყოფს.
შეერთებული შტატების მხარდაჭერით, არაბი შუამავლების მცდელობებმა, ჯერჯერობით, ცეცხლის შეწყვეტა ვერ უზრუნველყო. “ჰამასი “ ამბობს, რომ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა დაასრულოს ომი და მოიტანოს ისრაელის სრული გასვლა ღაზიდან. ხოლო ისრაელი აცხადებს, რომ ბრძოლაში მხოლოდ დროებით პაუზებს დათანხმდება, სანამ “ჰამასი”, რომელიც ღაზას 2007 წლიდან მართავს, არ ამოიძირკვება.
ისრაელი ღაზის სექტორში “ჰამასთან” ომს, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს, როცა ისრაელზე “ჰამასის” მოულოდნელი თავდასხმისას, 1 200 ისრაელელი მოკლეს, 253 კი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. მათგან ნაწილი პალესტინელ პატიმრებში გაცვალეს, ზოგი დაიღუპა, ათეულობით მძევალი კვლავ “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.
“ჰამასის” მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისრაელის იერიშებს ღაზაში 35 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.