ჰამასის მიერ ისრაელში შეჭრის საპასუხოდ, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეკონომიკას დღიურად 270 მილიონი დოლარი უჯდება, რაც ისრაელური საკონსულტაციო კომპანია Leader Capital Market-ის შეფასებით 2023-2024 ფისკალური წლისთვის 48 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ფინანსური გათვლებით, მიმდინარე მძიმე შეიარაღებული დაპირისპირებასთან გასამკლავებლად ისრაელს მნიშვნელოვანი მოცულობის ვალის აღება დასჭირდება.
“ის ფინანსური საბაზისო სცენარი, რომლითაც ახლა ვმოქმედებთ საფრთხეს არ უქმნის სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამასთანავე ვმუშაობთ დამატებითი ფინანსური უსაფრთხოების ზომების მისაღებად. ჩვენ სრულებით მზად ვართ უზრუნველვყოთ ისრაელის სახელმწიფოს ფინანსური უსაფრთხოება, მათ შორის იმაზე უფრო ექსტრემალური სცენარის შემთხვევაშიც, ვიდრე დღეს გვაქვს”. – ამბობს ისრაელის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი იალი როტენბერგი.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მთავრობამ კერძო საინვესტიციო ბანკში, Goldman Sachs Group Inc-ში საგარეო ბონდები იენში, ევროსა და დოლარში გამოუშვა, ის იმედოვნებს, რომ შიდა ბაზარი მნიშვნელოვნად აითვისებს დარჩენილი ფინანსური რესურსების მობილიზებას. 7 ოქტომბრის შემდგომ, ადგილობრივ ბაზარზე 18.7 მილიარდი შეკელის (5 მლრდ. დოლარი) ღირებულების ბონდები გაიყიდა, რაც 3.5-ჯერ მეტია მანამდე არსებულ თვიურ საშუალო მონაცემზე.
მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთ ბირჟაზე მოთხოვნა ექვსჯერ აჭარბებდა გამოშვებული ობლიგაციების რაოდენობას. Moody’s Investors Service-ის შეფაასებით ისრაელის მთავრობის მიერ აღებული ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს მიაღწევს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელს 5.7%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით ისრაელში რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად არ გაზრდილა, რაც მთავრობას იაფი შიდა ვალის აღების საშუალებას აძლევს. უმნიშვნელოდ 4.2%-მდე გაიზარდა შეკელის 10 წლიანი ბონდებით მიღებული შემოსავალი. ამასთანავე, ცენტრალური ბანკის ინტერვენციის შედეგად შეკელი კურსი დოლართან მიმართებაში აგვისტოს ნიშნულს დაუბრუნდა.
“ომის დაწყებამდე შეკელი და საკაპიტალო ბაზრები შედარებით სუსტ აქტივობით გამოირჩეოდნენ, შესაძლოა ეს იყოს საუკეთესო დრო ისრაელის ეკონომიკაში ინვესტირებისათვის”. – ამბობს როტენბერგი.
