,,ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, არარეალურია, ეს არ მოხდება”- პალესტინის პრემიერი

პალესტინის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ შტაიეს განცხადებით, არარეალურია ის, რომ შეძლებს „ჰამასის“ აღმოფხვრას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ „ჰამასი“ არის პალესტინის პოლიტიკური მოზაიკის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, ვფიქრობ, არარეალურია, ეს არ მოხდება და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა პალესტინის პრემიერმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დღეს, პალესტინელების მთავარი საზრუნავი არის ის, რომ სურთ შეწყდეს სისასტიკე და გენოციდი.
„გვჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც ბოლოს მოუღებს პალესტინელთა ამ ტანჯვას, რომელიც დაიწყო 75 წლის წინ. მოვლენები პალესტინაში მხოლოდ 7 ოქტომბერს არ დაწყებულა”, – აღნიშნა პალესტინის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაანადგურებს „ჰამასს“, რომელმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაახლოებით 1 200 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.