იქნება თუ არა დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში “ჰამასის” ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ?
მართალია ახლა ომი არცერთ მხარეს (ისრაელი, აშშ, ირანი, ლიბანი, “ჰესბოლა” და ა.შ.) არ აწყობს, მაგრამ იქ სადაც ესკალაცია მიმდინარეობს (რაც ფაქტია, რომ ასეა ამჟამად ახლო აღმოსავლეთში), ძალის გადამეტებით გამოყენების ერთ ფაქტსაც კი შეიძლება დიდი ომის დაწყება მოჰყვეს. ყველაფერი კი მაინც დამოკიდებულია ირანის პასუხის მასშტაბებზე, რომელიც აუცილებლად იქნება ისრაელის წინააღმდეგ, რადგან თეირანისთვის პრესტიჟის საკითხია მისი სტუმრის ლიკვიდაციის ამბავი. ისრაელი და მისი მოკავშირეები ემზადებიან (მაგალითად, აშშ-მა 12 სამხედრო გემისგან შემდგარი დაჯგუფება გაგზავნა ისრაელის მიმართულებით) არა მხოლოდ მოსალოდნელი შეტევის მოსაგერიებლად, არამედ ირანისა და მისი მოკავშირეებისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლადაც. ისრაელზე მოსალოდნელი შეტევის რამდენიმე სცენარი არსებობს (ირანისა და მისი მოკავშირეების პირდაპირი მოზომილი ან დიდი შეტევა ან მხოლოდ მოკავშირეების შეტევები ისრაელზე) არსებობს, მაგრამ მათი დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. როგორც უკვე ვთქვით, ამ ყველაფერს თეირანში გადაწყვეტენ.
ლოდინი კი, ჩემი აზრით, დიდხანს არ მოგვიწევს. ისრაელზე მოსალოდნელი საპასუხო დარტყმა სავარაუდოდ, ერთ-ორ დღეში იქნება (ალბათ, “ჰამასის” ლიდერის ხვალისთვის დაგეგმილი დაკრძალვის შემდეგ).