11 თებერვალს, გვიან საღამოს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში გაანათეს – 11 თებერვალს ირანი აღნიშნავს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავს. ანძის ანთებაც ამ თარიღს უკავშირდება.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ანძა ირანის საელჩოს მომართვის საფუძველზე განათდა, „რაც უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს“.
„კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე“
ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ ანძა ირანის ფერებში „ირანსა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობებიდან და ორ ერს შორის არსებული კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე განათდა“.
„ეს ნათელი სიმბოლოა იმისა, რომ დღევანდელი ირანის პატივისცემა ოფიციალურად და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული“, – წერს იგი პლატფორმა X-ზე.
ამავე დღეს, 11 თებერვალს, ელჩის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია მონაწილეობდა „ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე“.
ალი მოჯანის სიტყვებით, დარსალიამ „ოფიციალურად მიულოცა ირანს ეს თარიღი და უწოდა მას ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლო“.
დარსალიამ, – რომელიც გასულ კვირაში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით, – ამავე ღონისძიებაზე, ელჩის სიტყვებით, „ხაზგასმით აღნიშნა“, რომ:
· „ორ ერს შორის არსებობს ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო ურთიერთობა“;
· „ეს სახალხო კავშირები ირანსა და საქართველოს შორის მდგრადი თანამშრომლობის საფუძველი და მთავარი საყრდენია“.
დარსალიამ ასევე მადლიერება გამოხატა ირანის მიმართ „საქართველოს მხარდაჭერისთვის“ და „გაიხსენა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც მისი დამოუკიდებლობა აღიარა“.
„როგორც წინა წლებში“
თბილისის მერიის პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას მისწერეს, რომ საელჩოების თხოვნის გათვალისწინების მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს:
„მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში“.
„ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში“, – ამბობენ მერიაში.
საჯარო წყაროებში არ იძებნება წინა წლებში თბილისის ანძის ირანის ფერებში განათების ამსახველი ფოტოები ან ცნობები.
· 6-დან 13 თებერვლამდე, ირანის წარმომადგენლობები აღნიშნავენ ირანის „ისლამური რევოლუციის გამარჯვების და ისლამური რესპუბლიკის დამყარების“ თარიღს.
· 12 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში ირანის საელჩო წერდა, რომ „თბილისში ირანის საელჩოც ემზადება ამ დღის აღსანიშნად, რომელიც შეხვედრების, დიალოგების და უცხოეთში ირანული იდენტობის გამოხატვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს“.



