ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა პალესტინა სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარეს

სამშაბათს ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ, ს წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინა სახელმწიფოდ ოფიციალურად ცნეს.
ირლანდიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათ დილით, 28 მაისს, კაბინეტის სხდომაზე მიიღო.
„მთავრობა აღიარებს პალესტინას, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს და თანახმაა დუბლინსა და რამალას შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდეს“,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
„რამალაში ირლანდიის სრულ საელჩოსთან ერთად, პალესტინის სახელმწიფოში ირლანდიის ელჩი დაინიშნება“.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მშვიდობის შენარჩუნების იმედია.
„ირლანდიის ეს გადაწყვეტილება იმედის შენარჩუნებას ეხება. ეს ეხება იმის რწმენას, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ისრაელისთვის და პალესტინისთვის ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ“, თქვა პრემიერ-მინისტრმა თავის განცხადებაში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რომ მსოფლიოს მოუსმინოს და შეწყვიტოს ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც ღაზაში ვხედავთ“,- განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
ესპანეთმა განაცხადა, რომ პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება ისრაელის საწინააღმდეგო ნაბიჯად არ უნდა იყოს აღქმული და ის მხოლოდ მშვიდობის მიღწევის მიზნით გადაიდგა.
ოსლომ და დუბლინმა განაცხადეს, რომ ცდილობენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართულ ქმედებებს დაეხმარონ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პალესტინის აღიარება ტერორიზმის დაჯილდოებას ნიშნავს, ის ირანს და “ჰამასს” წააქეზებს და მშვიდობის დამყარებას შეუძლებელს გახდის.