„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“ — რა იზეიმეს ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისში

„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“, — ეწერა მოსაწვევს, რომელიც ირანის საელჩომ საქართველოში ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს დაუგზავნა.
მოსაწვევის ფოტო აღმოსავლეთმცოდნემ, პროფესორმა გიორგი სანიკიძემ გაავრცელა.
მოსაწვევზე, რომლითაც ელჩი გიორგი სანიკიძეს ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღის აღასანიშნავ მიღებაზე ეპატიჟება, ინგლისურად ასევე წერია: „ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“, რაც შაჰ-აბასის ლაშქრობების შემდეგ ქართველების იძულებითი გადასახლების პერიოდს ემთხვევა.
„მოწვევის კონვერტს აწერია The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran. გამოდის 1616 წელი — შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში. ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის“, — დაწერა სანიკიძემ სოციალურ ქსელში.
თავად გიორგი სანიკიძემ დღეს ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიღებაზე მისვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. თუმცა ღონისძიებას, რომელიც 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდნენ.
საგარეო უწყებამ არ უპასუხა „ნეტგაზეთის“ კითხვას, სხვა სტუმრების იდენტური მოსაწვევი მიიღო თუ არა ლაშა დარსალიამაც და გამოხატა თუ არა თბილისმა პროტესტი საქართველოსთვის ტრაგიკული ისტორიული მოვლენის საზეიმო წლისთავად წარმოჩენის გამო.
თუმცა გიორგი სანიკიძეს უპასუხა ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ:
„შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ირანი იყო პირველი ქვეყანა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელმაც თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ გამოსვლაში მოითხოვა კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის, რომ ირანი იყო ასევე პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წლის მაისში სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენთვის პატივია თქვენს წინაშე წარმოვადგინოთ ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტი. საქართველოს, ჩვენს ორ ძვირფას მეზობელ — აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ირანთან ჰქონდა და კვლავაც აქვს ისტორიული, ცივილიზაციური და კულტურული კავშირი. 1616 წელს, ანუ 410 წლის წინ, ირანში ჩავიდა ქართველების პირველი ჯგუფი. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ვაჭრობის განვითარებაში, არქიტექტურასა და ირანის ტერიტორიის დაცვაში. დღეს, ისლამურ საბჭოს მეჯლის ერთ-ერთი წევრია ირანელი ქართველების წარმომადგენელი, რომლებმაც ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა და წარმოადგენენ დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ხიდს ჩვენს ხალხსა და დღევანდელ საქართველოს შორის“.
ელჩმა, ასევე, გამოაქვეყნა სპარსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ირანის საელჩომ, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიღებას 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდნენ.
„საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინ წასაწევად“, — განაცხადა ლაშა დარსალიამ მიღებაზე.
დედაქალაქის მერიამ, ისლამური რევოლუციის წლისთავზე, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათა.
ამ გადაწყვეტილებამ კრიტიკა გამოიწვია იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ ირანის რეჟიმმა მასობრივი რეპრესიები გაატარა საპროტესტო აქციებში მონაწილე საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
თეირანში მაღაზიების მფლობელებისა და ბაზრის მოვაჭრეების შეკრებები და გაფიცვები 2025 წლის მიწურულს დაიწყო და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. უსაფრთხოების ძალებმა პროტესტი ძალადობრივად ჩაახშეს და ათი ათასობით ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს ცნობით, დადასტურებული დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 000-მდეა, აქედან 6 490 მომიტინგეა.