ირანში მესამე კვირაა გრძელდება დემონსტრაციები, მთავრობის მხრიდან სასტიკი ზეწოლის ფონზე

11 იანვარს შესრულდა მე-15-ე დღე ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან. დემონსტრანტები კვლავ იკრიბებიან თეირანის ქუჩებში – იმ ფონზე, როცა იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა.
უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ათობით ქალაქიდან იუწყებიან დემონსტრაციების, დაპატიმრებების და ძალადობის შესახებ.
კაცმა, რომელიც თეირანის აღმოსავლეთ ნაწილში შეესწრო დემონსტრანტებზე ზეწოლას, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 10 იანვარს, ღამით უთხრა, რომ რეპრესიების ესკალაცია სწრაფად მოხდა და ქალაქში ვითარება “ომის სცენებს” ჰგავს.
აქციებს ბიძგი მისცა ფასების ზრდამ, მაღალმა ინფლაციამ და ფულის ეროვნული ერთეულის ვარდნამ – დემონსტრაციები მალევე გადაიქცა ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის.
11 იანვარს ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გავრცელებული მასალები “მიანიშნებს დემონსტრანტთა გავრცელებულ ხოცვაზე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით თეირანში”.
ნორვეგიაში განთავსებული ეს ორგანიზაცია ამბობს, რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დადასტურებულია სულ მცირე 192 ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან ცხრა პირი არასრულწლოვანი იყო.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილზე მიანიშნებს; ზოგიერთი წყაროს შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 2000-ს აჭარბებდეს.
ირანში უკვე რამდენიმე დღეა გათიშულია ციფრული კავშირები. რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ელაპარაკა უცხოეთში მცხოვრებ ირანელებს, რომლებიც გათიშვის გამო ვერ უკავშირდებიან ირანში მყოფ ახლობლებს.
ფორუმი