ირანში მასშტაბური აქციების დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის, დაკავებულია 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Presse-Agentur (dpa) ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran-სა და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამიანის უფლებადამცველების ცნობით, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირებული 35 გარდაცვალების შემთხვევაში 29 მომიტინგე იყო, ოთხი ბავშვი, ხოლო ორი – უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი.
HRANA-ს ცნობით, ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები სულ მცირე 88 ქალაქში, ანუ ქვეყნის 31 პროვინციიდან 27-ში მიმდინარეობს. უფლებადამცველების განმარტებით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, რამაც პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია დიდ ქალაქებში, მათ შორის მეშჰედსა და ირანის დედაქალაქ თეირანში.
საპროტესტო გამოსვლებს ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 17 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტური მედიის ცნობით, საპასუხოდ, უსაფრთხოების ძალებმა კამპუსებში რეიდები დაიწყეს.
ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები ირანში ყველაზე მასშტაბური გახდა 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ.
ცნობისთვის, AFP-ის ინფორმაციით, მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც ბევრმა მაღაზიის მეპატრონემ ჰიპერინფლაციისა და ფასების მკვეთრი რყევების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მაღაზიები დახურა. 29 დეკემბერს, ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი, ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა (ერთი რიალი დაახლოებით 0.00002 ევროს ტოლი იყო).




