ირანს ხელსაყრელ დროს საფასურს ვაზღვევინებთ – ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი

ს ომის კაბინეტის მინისტრმა და ეროვნული ერთიანობის ლიდერმა, ბენი განცმა ირანის თავდასხმაზე თქვა, რომ “მოვლენა არ დასრულებულა”, სტრატეგიულ ალიანსს გააძლიერებენ და ირანს ხელსაყრელ დროს აზღვევინებენ. ამის შესახებ განცმა ომის კაბინეტის კრებამდე გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.
“ირანის საფრთხის წინაშე, ჩვენ რეგიონულ კოალიციას ავაშენებთ და ირანს საფასურს ვაზღვევინებთ, იმგვარად და მაშინ, როცა ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება”. – თქვა განცმა.
განცმა აღნიშნა, რომ ირანი საფრთხეს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს, ხოლო თავდასხმის ფონზე ისრაელმა აჩვენა, რომ “ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საყრდენი არის”.
“ირანი გლობალური პრობლემაა, რეგიონული გამოწვევაა და ასევე ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გუშინ, მსოფლიო ნათლად იდგა ისრაელთან საფრთხის წინაშე. ისრაელი ირანის წინააღმდეგ, მსოფლიო ირანის წინააღმდეგ – ეს არის შედეგი. ეს არის სტრატეგიული მიღწევა, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებისთვის უნდა გამოვიყენოთ”. – თქვა განცმა.
ომის კაბინეტის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები ბოლომდე არ შეუსრულებიათ და ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიას გააგრძელებენ.
“დღესაც კი უნდა გვახსოვდეს რომ ბოლომდე ჯერ არ შეგვისრულებია ჩვენი ამოცანები – უმთავრესად მძევლების დაბრუნება და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მოსახლეობის წინაშე საფრთხის აღმოფხვრა. გავაგრძელებთ კამპანიას მიზანდასახულობით და პასუხისმგებლობით და ერთად – ჩვენ გავიმარჯვებთ”. – თქვა განცმა.
ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა.
1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.
ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.