ირანმა აშშ და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა იემენის სუვერენიტეტის დარღვევაში

ირანმა დაგმო იემენის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის „სამხედრო თავდასხმა“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 იანვარს, გამოქვეყნდა, ნახსენები არ არიან თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები. გასულ ღამით სწორედ მათ ბაზებზე მიიტანეს იერიში ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების პასუხად.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა იემენის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თეირანის განცხადებითვე, „იემენზე თავდასხმის” ერთადერთი შედეგი იქნება რეგიონში არასტაბილურობის გაძლიერება.
ირანი აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს ს მიერ პალესტინელების წინააღმდეგ „სამხედრო დანაშაულის“ გადაფარვის მცდელობაში.
შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთმა მოითხოვა, რომ დღეს, 12 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია გასულ ღამით ჩაატარეს იემენის ტერიტორიაზე, მეამბოხე ჰუთების გასამხედროებული დაჯგუფების, „ანსარ ალაჰის“ წინააღმდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტების დაჯგუფება, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან წითელ ზღვაში რაკეტებით და დრონებით თავს ესხმის სავაჭრო გემებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ დარტყმები იყო პასუხი წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, იემენში, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ 16 რაიონში, განადგურებულია 60-ზე მეტი სამიზნე.
პასუხად ჰუთების წარმომადგენელმა, გენერალმა აბდუსალამმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ამერიკელებს და ბრიტანელებს რეგიონს არ დაატოვებინებენ.
იემენელი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25-ზე მეტი შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.