ირანი თურქეთს ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს

ირანმა თურქეთი წვიმის ღრუბლების ქურდობაში დაადანაშაულა, რის გამოც ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში გვალვა დაფიქსირდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში ირანის ვიცე-პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი სალაჯეჰმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ღრუბლების გაუჩინარების შემსწავლელი კომისია შექმნა.
კითხვები მეზობელ სახელმწიფოსთან ირანს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში სასაზღვრო ტერიტორიებზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ თურქეთში წვიმისა და თოვლის სახით ძლიერი ნალექი დაფიქსირდა, ირანში კი გვალვაა. აღინიშნება, რომ პრობლემები ნალექთან საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ავღანეთსაც ჰქონდათ.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ამ ყველაფრის მიზეზი თურქეთის მიერ ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიის გამოყენებაა. პროცედურა ღრუბლებში სპეციალური რეაგენტების შეყვანას ითვალისწინებს, რომლებიც ნალექის რაოდენობას ზრდის. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს მეთოდი ყოველთვის არ არის ეფექტიანი და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ნალექით ხელოვნურად გამდიდრებული ღრუბელი საჭირო ქვეყანაში გამოიწვევს წვიმას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანი სხვა ქვეყნებს თავისი ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს. 2018 წელს ეს ბრალდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს წარუდგინეს. 2012 წელს კი ანალოგიური ბრალდება ქვეყნის „მტრების“ მისამართით ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გააჟღერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს