ირანი აშშ-ის ნებისმიერ მუქარას უპასუხებს, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.
„ჩვენ ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან მუქარა გვესმის. ამერიკელებმა უკვე გამოგვცადეს და ჩვენ ახლა ერთმანეთს ვიცნობთ. არც ერთი მუქარა პასუხის გაცემის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა სალამიმ.
ჰოსეინ სალამის მსგავსად, გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა, ამირ საიდ ირავანმა განაცხადა, რომ თეირანი მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებს.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.