ირანის რევოლუციური გვარდია დამასკოში ირანელი ოფიცრის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელი „საფასურს გადაიხდის“

დამასკოში ირანელი ოფიცრის დაღუპვის გამო ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ემუქრება და აცხადებს, რომ „დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“
„უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“, – ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.
ირანელი ოფიცრის, რაზი მუსავის მკვლელობას ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისიც გამოეხმაურა.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს ქმედება სიონისტური რეჟიმის იმედგაცრუების, უმწეობისა და უუნარობის კიდევ ერთი ნიშანია“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ.
შეგახსენებთ, ირანული მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი, რაზი მუსავი დამასკოში დაიღუპა.