ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო და რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლის შეჩერებას ითვალისწინებს.
კანონის მიხედვით, მომავალში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების ნებისმიერი შემოწმებისთვის საჭირო იქნება თეირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს თანხმობა.
„ჩვენთვის ცნობილია ამ ცნობების შესახებ. ატომური ენერგიის სააგენტო ირანისგან დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება“, – ნათქვამია ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაცია დასავლეთის მხარდაჭერაში და ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამართლებაში დაადანაშაულა.
