ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ირანი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ „არა“.
„არა. ჩვენ ეს არასდროს გვიცდია და ამას არც არასდროს გავაკეთებთ. ირანს ვინმეს მკვლელობა არასდროს უცდია და დაუგეგმავს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის.
„პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.
