ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება თანამშრომლობა ნატო-სთან, ევროკავშირთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან

თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის პარტნიორებთან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაგრძელდება თანამშრომლობა ნატო-სთან, ევროკავშირთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ -სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
ჩიქოვანის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გაღრმავდეს რეგიონში საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან.
„ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო და მნიშვნელოვანი ფორმატები არსებობს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ნატო-სთან თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია, რომელიც 17 ინიციატივას მოიცავს და დღეს უკვე 3 ინიციატივა წარმატებით არის დასრულებული. ამ თანამშრომლობის ფორმატების წარმატებული მიმდინარეობა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო ალიანსის ძალიან წარმატებული მოკავშირეა. საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ და ხელს უწყობს ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან, არის ძალიან ბევრი მიმდინარე პროექტი და არის ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, რომელიც დასრულდა და რომელსაც ძალიან კონკრეტული შედეგები ჰქონდა.
მადლიერება მინდ გამოვხატო ნატო-ს, ევროკავშირის, აშშ-ს და სხვა მეგობარი ქვეყნების მიმართ მათი მხრიდან გაწეული ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აშშ-ს განგრძობადი და ყველაზე მასშტაბური მხარდაჭერისთვის ჩვენი თავდაცვის ძალების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს