ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ადვოკატი გაასაჩივრებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს.
როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, შაიშმელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ადვოკატის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნის საჯარო მიმართვებში დანაშაულებრივი ნიშნები არ იკვეთება.
„რა საკვირველია, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ იქიდან გამომდინარე, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, რადგან დანაშაულებრივი ქმედება არ არსებობს”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.