ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში – იმედი მინდა გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები რეაგირებას გააკეთებენ

ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ყოფნის შესახებ.
ევროპაში თავისუფლად გადაადგილების კონტექსტში ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ახსენა.
„ძალიან ბევრი კრიმინალი, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. სამწუხაროა, მაგალითად, იგივე ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი კეზერაშვილი, რომელიც მხილებული ძალიან დიდი, საუკუნის ძარცვის სქემაში, არ არის, არათუ დაკავებული, არამედ ის თავისუფლად გადაადგილდება მთელ ევროპაში, ეს ხომ არანორმალურია. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ალბათ, ევროპის შესაბამისი სამსახურები, შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ გერტ იან კოპმანი, გასულ სამშაბათს, უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. მათივე განცხადებით, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.