კარგი ანეკდოტია, არ ვიცი ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო. არასერიოზული კაცისგან ნათქვამი რაღაც სასაცილო შემოთავაზება არ არის საინტერესო, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვა პარტიის ბორდი შექმნას, მის თავმჯდომარედ თავად სააკაშვილის კანდიდატურა განიხილოს, ხოლო მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიოს.
ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების პერიოდისთვის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ახლა საქართველო აღარ იარსებებდა.
„ჩემთვის საინტერესოა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება და ეს გზა არ შეიცვალოს. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ დღეს ან გუშინ არ ყოფილიყო „ქართლი ოცნება“ ხელისუფლებაში, რომ ყოფილიყო უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ან ნიკა გვარამია, ან ვინც არიან ეს გაუგებარი ადამიანები, დღეს ქვეყანა შეიძლება აღარ გვქონოდა, იმიტომ, რომ მთელი ძალით ქვეყანას შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ ქვეყანას. ვიცი, რომ არ მოგწონთ ეს ნათქვამი რადიკალურ ოპოზიციას და ტელევიზიებს, მაგრამ „ქართული ოცნება“, ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევას და უბედურებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.