ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერი და თანამებრძოლია. შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ, მოგიწოდოთ, რომ ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს და აქ არავითარი საფუძველი არ არსებობს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, ჰქონდა თუ არა შეუთავსებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და რატომ არ ახსენა ის განცხადებაში, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალიან დიდი, რომელიც შეკრა და ჩამოაყალიბა პარტიის დამფუძნებელმა“.
„ჩვენი პარტიის შექმნის დღიდან ყველა ის წარმატება, რომელსაც მიაღწია ჩვენმა პარტიამ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, დაკავშირებულია ჩვენი პარტიის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ასე რომ, რატომ გიკვირთ, რომ ჩემ სიტყვაში….
ყველა ლიდერი, მათ შორის მეც და სხვა, ბევრი ლიდერი, მათ შორის ირაკლი კობახიძე და სხვა, ვიყავით და ვართ ამ გუნდის წევრი და რატომ ფიქრობთ, რომ უნდა ჩამომეთვალა თითოეული მათგანი?. მე, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებებს და გულწრფელად მჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ეს გუნდი, „ქართული ოცნება“, ჩვენ ქვეყანას სამშვიდობოს საბოლოოდ გაიყვანს და ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, იმ ფონზე, როდესაც მადლიერია ბიძინა ივანიშვილის, რა ფიქრობს ირაკლი კობახიძეზე?!
„უკაცრავად და, ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როცა მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერავინ დამისახელებს ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გვქონდა ან შეუთავსებლობა, ან შეუთანხმებლობა. აგერ არის ირაკლი კობახიძე, აგერ არის გუნდი და ჰკითხეთ, თუ ერთ ფაქტს გაიხსენებენ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ მე გუნდის რომელიმე წევრთან მქონდა რაიმე შეუთავსებლობა, ან რაიმე შეუთანხმებლობა, ან რაიმე უსიამოვნება. მსგავსი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს. ასე რომ, თქვენ ნუ ეძებთ, რაღაც… პრობლემები ეძებეთ თქვენ განადგურებულ ოპოზიციაში. იმედი მაქვს, რომ თქვენ თავს დამანებებთ და აღარ დაინტერესდებით ჩემი საქმიანობით“, – მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
ამასთან, ღარიბაშვილმა სისულელე უწოდა მისი მხრიდან ოპოზიციური პარტიის შექმნას.
„თუ მეკითხებით, იმიტომ, გადავდექი დღეს, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი. ძალიან გთხოვთ, ამ სისულელეებს, სპეკულაციებს ნუღარ მიაქცევთ ყურადღებას, ნუღარ გაიმეორებთ. მე გითხარით, რომ მთავარი გარანტი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი. რატომ მეკითხებით, რას ნიშნავს, ყველაფერში ვეთანხმები [ირაკლი კობახიძეს?]. მე პარტიის თავმჯდომარე ვიყავი დღემდე და ჩვენ, ერთად მივუძღვებოდით საქმეს. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, მას თავისი ხედვა აქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველას გულწრფელ წარმატებას ვუსურვებ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, „უაზრობაა“ შეკითხვა, მოსწონს თუ არა ირაკლი კობახიძის საქმიანობა და მის მიერ მოწონებული პრემიერ-მინისტრი არის თუ არა. ღარიბაშვილის განმარტებით, „პრემიერ-მინისტრის საქმიანობა უნდა შეაფასოს ხალხმა!“.
„ჯერ ერთი, სულ ერთი წელია, რაც მუშაობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე და დაელოდეთ. თქვენ გირჩევთ, რომ ის მოიხსენოთ, როგორც პრემიერ-მინისტრი და არა, როგორც ირაკლი კობახიძე მხოლოდ, როგორც ახალა საუბრობდით“, – მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჰკითხეს, დასანქცირების გარეშე მიდის, თუ არა პოლიტიკიდან, რაზეც მან ასე უპასუხა: „არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი. არა, [სანქცია არ მაქვს]. რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე?! ან რატომ დაასანქცირეს სხვები?“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
