ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას – მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან განაცხადა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები“.
ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აარიდა თავიდან ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.
„ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, თავს როგორ ესხმოდნენ ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს. როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ. დღეს იგივეა ფაქტობრივად. ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა. არავის მოეწონა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ.
ეს არის ყოვლად მიუღებელი. პოლიციელზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. მე მინდა პირველ რიგში გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს. მათ ძალიან, მაგრად მართეს ეს პროცესები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან აარიდა ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ – ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. აი, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.
საზოგადოებამ ასევე იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას, სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები, კუბოს დაწვა და ა.შ. და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანების იქ დგომა, რომლებიც შესაძლოა გულწრფელად აპროტესტებენ და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის. ყველა ასე ვთქვათ, კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სცდება მშვიდობა. ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.