პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მომზადებული დადგენილების პროექტი ინიცირდება.
დადგენილება საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა და მას 35 დეპუტატი აწერს ხელს.
პროექტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანი შემდეგი საკითხები იქნება: – ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში წარდგენილი თითოეული დეკლარაციის შემოწმება, ოფიციალურ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის გამოვლენა; მისი ოჯახის წევრების, მშობლებისა და მეუღლის ნათესავების მიერ დაგროვებული ყველა უძრავი და მოძრავი ქონების მონიტორინგი; ღარიბაშვილის ოჯახის წევრების, მშობლების, მეუღლის ნათესავებისა და ნათელ-მირონების მიერ მიღებული სახელმწიფო ქონების მონიტორინგი; სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტის შესწავლა, რეისისთვის გაწეული ხარჯების წარმომავლობის დადგენა და მიზნობრიობა; ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის, ბიზნესსაქმიანობის, შემოსავლებისა და ქონების წარმომავლობის შესწავლა; ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევების გამოვლენა; ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მასთან დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების იაფად მიღების სავარაუდო კორუფციული სქემის გამოკვლევა; რთველის სუბსიდირების პროგრამაში სავარაუდო კორუფციის ფაქტის გამოძიება, რომლის თანახმადაც, სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი პარტიის შემწირველმა და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფმა კომპანიებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ მიიღო; ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სავარაუდოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტის გამოძიება, რომელიც ეხება სახელმწიფო ქონების მითვისებას, ბაკურიანში მისი სახლის მომიჯნავედ არსებული 6 ათას კვ.მ-მდე ფართობის ტყის 49 წლით მისი მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილისთვის სარგებლობაში გადაცემას; ირაკლი ღარიბაშვილი მიერ ქონებრივ დეკლარაციაში გამოტოვებული ძვირადღირებული საათების კოლექციის, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, სავარაუდო უკანონოდ შეძენის/გამდიდრების სქემის გამოძიება; ასევე ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში გამოცემული მთავრობის განკარგულებების ანალიზი.
“საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 10-ჯერ აქვს შევსებული. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2024 წლის 23 მარტს წარდგენილი ბოლო “თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის” თანახმად, მისი სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი (ხელზე აღებული თანხა) შეადგენს 45104,4 ლარს, მიუხედავად თანამდებობრივი სარგოს ამ ოდენობისა უახლესი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა დანაზოგის სახით შეაგროვა ნაღდი ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით. უკანასკნელ წლებში შევსებული დეკლარაციებიდან იკვეთება ტენდენცია, რომ პრემიერ მინისტრისა და მისი ოჯახის ძირითად ხარჯებს, ირაკლი ღარიბაშვილი მშობლების მიერ ნაჩუქარი ფულით ფარავს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დეკლარაციები არასრულადაა შევსებული, ვინაიდან არ არის აღნიშნული იმ ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შევსებული პირველი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის მხოლოდ ქალაქ თბილისში ფლობდა უძრავ ქონებას და მის სახელზე რეგისტრირებულ ორ ავტომობილს, ასევე ჰქონდა 20 ათასი ლარი დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნაღდი ფულით, საბანკო ანგარიშებზე კი – ჯამში 3000 ლარამდე. პირველი დეკლარაციის წარდგენიდან ბოლო დეკლარაციამდე ირაკლი ღარიბაშვილი იყო ოჯახში ერთადერთი წევრი რომელიც მუშაობდა. 2019 წლის დეკლარაციის თანახმად ღარიბაშვილის ოჯახს ახალი ქონება უფიქსირდება ცოლის (ნუნუ თამაზაშვილის) სახელზე ბაკურიანში 1,5 ათას კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც 76 500 დოლრს შეადგენს, ასევე მოძრავი ქონება ნუნუ თამაზაშვილის სახელზე RANGE ROVER VELAR, რომლის ღირებულებაც 46 000 ევროს და ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე AUDI A8, რომლის ღირებულებაც 75 620 ევროს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინა წლის წლიური შემოსავალი 45104,4 ლარს შეადგენდა, მისმა ოჯახმა მოახერხა ოჯახური წვეულების ორგანიზება, რომელიც 15 000 ლარი დაჯდა, ასევე შვილების განათლებაში ჯამში დაახლოებით 42 900 ლარისა და ტყით სპეციალური სარგებლობის გადასახადის 6 255,9 ლარის გადახდა. ასევე ოჯახის მოგზაურობის ხარჯი 20 000 აშშ დოლარი, ამასთან, ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა, უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი 2) 15 000 ლარი.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრისა და შემდგომი დეკლარაციების თანახმად ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა:.2020 წელს აჩუქეს – 150 000 ლარი; 2021 წელს აჩუქეს – 150 000 ლარი; 2022 წელს აჩუქეს – 180 000 ლარი; 2023 წელს აჩუქეს – 150 000 ლარი (რომელიც არ მოიცავს ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის ხარჯს, რომელიც ჯამში 109 500 ლარი დაჯდა).
მიუხედავად დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობებისა, ასევე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2024 წლის 6 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის და უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიების, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ნიშნებზე მიუთითებს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის 2022 წლის დეკლარაცია ბიურომ დადებითად შეაფასა”, – ვკითხულობთ დადგენილების პროექტში.
პროექტის თანახმად, ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში “კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის, კორუფციული სამართალდარღვევის, შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამოვლენისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.