ირაკლი ქარქაშაძე – ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს შეხვდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ირაკლი ქარქაშაძე შეხვდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებს, რომლებიც აეროპორტების პროექტირებასა ე.წ. მასტერ პლანზე მუშაობენ. ასევე, ყველა იმ სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ ბიზნესებს, ვისთანაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიმდინარე ტენდერი აქვს და შესაბამისი პროდუქტების პოტენციური მომწოდებლები არიან.
„ჩვენ კომპანიებს ვესაუბრებოდით არამხოლოდ ვაზიანის, არამედ ქუთაისისა და თელავის აეროპორტზეც. ყველა ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მაქსიმალურად მოხდეს აეროპორტების დიგიტალიზაცია, გამარტივდეს ოპერირებასთან დაკავშირებული რიგი მიმართულებები. ბევრი სისტემა, რომელიც ჩვენ დღეს აეროპორტებში გაგვაჩნია იყოს უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი მგზავრებისათვის. რათა გავამარტივოთ ის სააეროპორტო პროცედურები, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აეროპორტებში გაგვაჩნია. ასევე, საავიაციო უშიშროების მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, იყოს უფრო მაღალი ხარისხის, სწრაფი და მოქნილი“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ, კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია.
„რაც შეეხება უშალოდ ვაზიანის პროექტს, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან, რომლებიც აეროპორტების განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ დიდი ინტერესი და ემზადებიან იმ ტენდერისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდება. დაწყებული პროექტირებიდან დასრულებული იმ სისტემებით, რომელიც საჭიროა აეროპორტის მართვისთვის, ყველა ამ მომწოდებელთან გვქონდა შეხვედრა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია და ჩვენ ამ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.