წერილის შინაარსი და სულისკვეთება სრულებით მიმართულია, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ – მათი მხრიდან რაიმე ზეწოლა საქართველოზე არ ხორციელდება, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა – სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და ამის კონკრეტულ შედეგებში გადატანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან მიიღო.
„წერილის შინაარსი და სულისკვეთება სრულებით მიმართულია, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა სწორედ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან მიიღო – მათ შორის, ომში ჩართვის მოწოდებებით დაწყებული, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციით ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ეს დოკუმენტი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ურთიერთობა დაზიანებისთვის იყო განწირული და ჩვენ ვითხოვთ, რომ დღეს ნათელი მოეფინოს თუ როგორია ხედვა კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ. მათი მხრიდან რაიმე ზეწოლა საქართველოზე არ ხორციელდება, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა – სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და ამის კონკრეტულ შედეგებში გადატანა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, აქამდე რატომ არ გამოიჩინა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შესაბამისი ყურადღება საქართველოს მიმართ, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსადმი პირდაპირი ინტერესი არ იდგა.
„საგარეო ურთიერთობებში მის გაცხადებულ პოლიტიკას ორი ფაქტორი აქვს: ერთია სავაჭრო ბალანსის აშშ-ის სასარგებლოდ შემოტრიალება, რაც ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან სატარიფო ე.წ მკაცრი პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. აქ ბუნებრივია, საქართველო არ მოიაზრება, რადგან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და სავაჭრო ბალანსი მიზერულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ მინიმალურ ტარიფის ზონაში ვართ დარჩენილი. მეორე, რაც ადმინისტრაციისთვის და პრეზიდენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს სწორედ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაა, რაც პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე ომს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონფლიქტების თუ ომების მოგვარების საკითხს ეხება. ამ კუთხით არის მისი ძირითადი ძალისხმევა გადატანილი. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსადმი პირდაპირი ინტერესი არ იდგა. ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ აქსელერაციას. ჩვენი მოწოდება იქით არის მიმართული, რომ შესაბამისი ყურადღება და საქმიანი დამოკიდებულება გამოხატული იყოს მათი მხრიდან საქართველოსათვის. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, განცხადებები და საქართველოს პოლიტიკა და განცხადებები ძალიან ბევრ ფუნდამენტურ საკითხში ფაქტობრივად, იდენტურია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
