ირაკლი ქადაგიშვილი „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაზე – დებატები იმისთვის არის, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება დებატების რომელიმე მხარისთვის საინტერესო იყოს, შესაძლოა, მსჯელობა გაიმართოს

დებატები იმისთვის არის, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება დებატების რომელიმე მხარისთვის საინტერესო იყოს, შესაძლოა, მსჯელობა გაიმართოს – თუ მათი მხრიდან [ევროინტეგრაციის თემა] იქნება რომელიმე დებატის ფორმატში წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას მოვახსენებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას, რომ „რუსთავი 2“- მა და „იმედმა“ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებს უმოკლეს ვადაში უნდა გაუწიონ ორგანიზება.
მისი თქმით, „დებატები იმისთვის არის, რომ განსხვავებულ აზრთა ჭიდილი იყოს“.
„დებატები ყველაფერზე შეიძლება იყოს რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია და ყველამ თავისი პოზიცია ამ დებატებზე შეიძლება [დააფიქსიროს]“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, როდესაც კონსტიტუციის 78-ე მუხლით არის განსაზღვრული ევროკავშირისკენ სწრაფვა, რატომ არის საჭირო და გამართლებული ამ საკითხზე დებატების გამართვა, ქადაგიშვილმა განმარტა, რომ კონსტიტუციის არცერთ მუხლში არ წერია, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი თუ გააჩნია ამასთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმის ან შეპასუხების უფლება არ აქვს.
„78-ე მუხლში რაც წერია სწორად უნდა წავიკითხოთ. ეს ის მუხლია, რომელიც ამბობს, რომ რადგან ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს, ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალური გავაკეთოთ. მაგრამ 78-ე მუხლში და კონსტიტუციის არცერთ მუხლში არ წერია, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი თუ გააჩნია ამასთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმის ან შეპასუხების უფლება არ აქვს. ამას ერთმანეთში ნუ ავურევთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, რა მოხდება თუ ვინმეს აზრი, მათ შორის რუსეთში წასვლა-არწასვლის საკითხზეც გაუჩნდება, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს უკვე იდეოლოგიურ კლიშეში გადასვლაა“.
„უტრირებაში ნუ გადავალთ რა. გადავდივართ იდეოლოგიურ კლიშეში. რას ეძახით „წახვალ რუსეთისკენ“? სად წაიკითხეთ, მმართველი პარტიის რომელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოისმინეთ რომ ჩვენი კურსია „მივდივართ რუსეთისკენ“.
უცბად ერთმა პარტიამ თავისი აზრი თქვა და მაშინვე პოლიტიკურ დილემას მიყენებთ – თუ იმან დებატებზე ეს აზრი თქვა ნიშნავს, რომ თქვენ რუსეთისკენ მოდიხართ? ჯერ თქვას იმან თავისი აზრი დებატებზე და მე ჩემს პასუხს გავცემ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ის ორ ტელეკომპანიას საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატების გამართვისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, „საქართველოსთვის საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია“.
„მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“- ს, რომელთაც პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თავიანთ არხებზე დებატების სივრცის გახსნისათვის და მოვუწოდებთ ორივე მაუწყებელს – უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია.
მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.