საარჩევნო პროცესი ქვეყანაში არ არსებობს, გაუქმებულია ივანიშვილის და მისი ბანდის მიერ. ამიტომაც, არაფერი შეიცვლება ჩვენთვის იმით, რომ ცესკო-ში კალანდარიშვილმა და სხვებმა აღასრულეს ივანიშვილის დაკვეთა და 5 ნომერი პროცედურულად გააქრეს თავის ჭკუაში პოლიტიკური პროცესიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საარჩევნო ნომრების დაკარგვის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს, არის ფარსი.
„ამ ქვეყანაში მოხდება ამ სისტემის დემონტაჟი, ივანიშვილი და მისი ბანდა დატოვებს ძალაუფლებას და ამის შემდეგ დაიწყება დემოკრატიული, ლეგიტიმური პროცესი. ივანიშვილის სისტემა თუ შენარჩუნდა, მართლა „ივანიშვილის შპს“ იქნება და არავითარი აზრი არ ექნება რეალურ ოპოზიციური ძალებისთვის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღებას იმიტომ, რომ ეს ისეთივე ფარსი იქნება, როგორც ახლა ოქტომბერში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი განმარტებით, „ყველა ძალა, რომელიც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობს, ივანიშვილთან თანამშრომლობს, ზოგი უფრო მეტად, ზოგი შეიძლება ნაკლებად“.
„არის ხალხი, რომელსაც სურს, ძალაუფლება მიიტაცოს და გაანადგუროს და არის ხალხი, რომელიც წინააღმდეგია, არ ეგუება და არ აპირებს აღიაროს ის, რაც არ არის ასაღიარებელი, რადგან არის არალეგიტიმური, ჩაგვრისა და უკანონობის შედეგი“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ნომერი არ არის აქტუალური დღეს, რადგან საქართველოში დემოკრატიული პროცესები არ მიმდინარეობს.
„საქართველოში როცა დაბრუნდება დემოკრატია, პოლიტიკური პროცესი, მაშინ დაბრუნდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 5 ნომრით. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს დემოკრატიულ ბედთან. ქვეყანაში დემოკრატია თუ დაბრუნდება, დაბრუნდება საარჩევნო ბიულეტენზე 5 ნომერიც. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შემოხაზავს 5 ნომერს მომდევნო, თავისუფალ არჩევნებში. რაც შეეხება მანამდე სპეცოპერაციებს, სპეცოპერაციებში მონაწილეობის მიღება არც გვსურდა და ეს პროცესი გახლავთ არალეგიტიმური და უკანონო. არცერთ პროცედურას და არცერთ სამართლებრივ მექანიზმს, ყველაზე მარტივ პროცედურასაც კი აღარ აქვს აზრი ივანიშვილის სისტემაში, სადაც ადამიანები როგორც „მოეხოშებათ“ ისე იქცევიან და კანონსაც იმ ინტერპრეტაციას აძლევენ, რომელიც სურთ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-თვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საერთო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.
