სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან – ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასდროს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით, ფავლენიშვილი გამოეხმაურა „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, 4 ოქტომბერს, „ყველა ვინც არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.
„სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი არიან, ბოლო წლების განმავლობაში, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასდროს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც ავტორიტარიზმს რეალურად ებრძვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.
„4 ოქტომბრის აქციას ჩვენ ვუერთდებით და მხოლოდ ჩვენ არ ვუერთდებით, ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც უერთდება ძალიან ბევრი პოლიტიკური სოციალური საპროტესტო ჯგუფი. 4 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია იმიტომ, რომ დიქტატურის გაფორმება მოხდება თუ არა, ეს წყდება. დიახაც, ახლა წყდება საკითხი – გაფორმდება თუ არა დიქტატურა საქართველოში. ამიტომ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი, ოღონდ ქუჩის აქციის და საპროტესტო გამოსვლების კუთხით და არა იმ ფსევდო სპეცოპერაციის და იმ ფსევდო პოლიტიკური პროცესის კუთხით, რომლის შექმნასაც ივანიშვილი ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
