ირაკლი ფავლენიშვილი – როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გაუქმებულია, საარჩევნო პროცესში ჩართვასა და მზადებაზე საუბარი არასწორია – ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ მდგომარეობას არაადეკვატურად აფასებ

საუბარი საარჩევნო პროცესში ჩართვასა და მზადებაზე არასწორია – ეს ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, არაადეკვატურად აფასებ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას,- ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მისი პარტია თვითმმართველობის სთვის ემზადება.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, საქართველოში საარჩევნო დემოკრატია გაუქმებულია.
„ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. საქართველოში საარჩევნო დემოკრატია გაუქმებულია, პოლიტიკური ტყვეების რაოდენობა კი არ შემცირდა, იზრდება. საუბარი საარჩევნო პროცესში ჩართვასა და მზადებაზე არასწორია, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გაუქმებულია. ეს ნიშნავს რომ როგორც მინიმუმ არაადეკვატურად აფასებ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. მეორე შემთხვევაა, როდესაც ეგუები სისტემას და ხდები სისტემური ოპოზიცია. ყველა ავტორიტარს სჭირდება სისტემური ოპოზიცია“,-აღნიშნა ფავლენიშვილმა.
მისივე თქმით, თუ გიორგი გახარიას სურს ოპოზიციონერობა, მაშინ ისე უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს, როგორც ოპოზიცია.
„თუ ეს ადამიანი [გიორგი გახარია] და მისი გუნდი ცდილობს იდენტობა გამოკვეთოს, პირიქით – „ქოცური“ იდენტობა ისედაც ჰქონდა ამ ხალხს. „ქოცობაში“ თუ ეჯიბრებიან ივანიშვილის ბანდის წევრებს, ვერ მოგახსენებთ. ნამდვილად ვერ შევაფასებ ოპოზიციურ საქმიანობად იმას, რომ ყველა იმ საკითხში, რომელიც პრინციპულია რეჟიმისთვის, რეჟიმისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაიკავო. თუ ამ ადამიანს ოპოზიციონერობა სურს, მაშინ ისე უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს, როგორც ოპოზიცია“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
ამასთან გახარიამ განმარტა, რომ ის დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მუნიციპალურ არჩევნებისთვის ემზადება, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
გახარია სხვა პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რადგან ის თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის გამოაცხადებს გახარია გადაწყვეტილებას და პირველი მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას, რომ თავადაც იმოქმედონ.