ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციაზე – პოლიტიკური ძალები აღარც არსებობენ, პარტიული პროცესი მკვდარია – პრაგმატულადაც აღარ მიგვაჩნია, ველოდოთ, როდის მოხდება ამ ხალხის დაჭკვიანება

როდესაც პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, ამ საპროტესტო ტალღაში მხოლოდ აქციებზე სიარულით არ უნდა ვიყოთ ჩართულები. ე.წ. პროცესის ლიდერები უნდა ჩანდნენ, არა თვეში ერთხელ და ორ თვეში ერთხელ, ყოველ დღე უნდა ჩანდნენ, ხალხის გვერდით უნდა იყვნენ. 31 მარტზე როდესაც ვსაუბრობთ, წარმოიდგინეთ ზვიად გამსახურდია თვეში ერთხელ რომ მისულიყო ხალხთან და ეთქვა ხალხისთვის საკუთარი გეგმები, ან „ვარდების რევოლუციის“ დროს თვეში ერთხელ გამოჩენილიყო, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციებზეც ისაუბრა. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, საუბარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროცესში დისონანსის შეტანა დაიწყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბოლო დღეებში ხაზს ვუსვამდით, რომ არსებობს ბევრი პრობლემური საკითხი, რაც მიგვაჩნია ამ ბრძოლაში ძალიან დიდ დაბრკოლებად. როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ რეალურ ერთიანობაზე, რომელიც ხილული იქნება და არ იქნება გამოხატული უცხოეთში ერთობლივი ვიზიტით, წერილების გაგზავნით და ქვეყნის შიგნით კონსულტაციებით. ჩვენ ვსაუბრობდით ერთიან პოზიციაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის ე.წ. თვითმმართველობის , ე.წ. საგამოძიებო კომისია, სამწუხაროდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები იყო, დაბრკოლებები, ვერ ხდებოდა ერთიანი პოზიციის შემუშავება. რა თქმა უნდა, ეს პრობლემურია. დღევანდელ დღეზე დიდი მოლოდინი არ შეგვიქმნია. გუშინ სხვადასხვა ძალა ამბობდა რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დისონანსის შემოტანა დაიწყო. დისონანსი კი არა, პირიქით, ვცდილობდით, რომ ამ პროცესში დისონანსი არ შემოტანილიყო. ერთიანობის მომხრეები ვიყავით, ძალიან ბუნებრივი მოთხოვნაა, როდესაც ადამიანი გამოდის კონკრეტულ ღონისძიებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია და ცხადდება, რომ მასშტაბური იქნება, ამ ეგზისტენციალური საფრთხის პირობებში, უნდა იყოს არამხოლოდ შეფასება, არამედ რეალური ერთიანობის კონკრეტული ფორმულირებები, გამოხატულება. გვითხრან რაში არ გვეთანხმებიან. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პოზიცია ე.წ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით. როდესაც ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია, პოლიტიკური ტყვეები გვყავს, საარჩევნო პროცესს აზრი არ აქვს. რეალურად, მსგავსი ტიპის დიქტატურის პირობებში პოლიტიკური ძალები აღარც არსებობენ, პარტიული პროცესი მკვდარია.ძალიან მკაფიო პოზიციები გვქონდა ბევრი მიმართულებით. რა არის კონტრარგუმენტი, კარგად ვერ ვხვდები…კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტული ერთიანი მკაფიო პოზიციაა საჭირო.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, საპროტესტო ტალღა მნიშვნელოვანია. როდესაც პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, ამ საპროტესტო ტალღაში მხოლოდ აქციებზე სიარულით არ უნდა ვიყოთ ჩართულები, უნდა ვიყოთ სხვადასხვა აქციის ორგანიზატორი, მაინც და მაინც რუსთაველზე ყოველ საღამოს შეკრებას არ ვგულისხმობ. ამ სიტუაციაში, ე.წ. პროცესის ლიდერები უნდა ჩანდნენ, არა თვეში ერთხელ და ორ თვეში ერთხელ, ყოველ დღე უნდა ჩანდნენ, ხალხის გვერდით უნდა იყვნენ. როდესაც 31 მარტზე ვსაუბრობთ, წარმოიდგინეთ ზვიად გამსახურდია თვეში ერთხელ რომ მისულიყო ხალხთან და ეთქვა ხალხისთვის საკუთარი გეგმები, ან მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ დროს თვეში ერთხელ გამოჩენილიყო“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველას შეუძლია აკრიტიკოს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა მოეპრიანება“.
„ერთიანობაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა ქვეყანაში. დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვკარგავთ. ამ დროს თუ არ უნდა ვიყოთ ერთიანები, როდის უნდა ვიყოთ? წუხანდელი გამოხმაურებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება დამრჩა, როცა მოეპრიანებათ ყველას შეუძლია აკრიტიკოს „ნაციონალური მოძრაობა“, აწარმოოს კამპანია „ნაცებო“ თქვენ „ქოცებო“. როგორ შეიძლება, ერთ კონტექსტში აქციო ძალა, რომელიც ებრძოდა რუსეთს და ძალა, რომელიც რუსეთს ემსახურება. ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ლიდერი სამართლებრივი დევნის ქვეშ არის. კიდევ ადარებენ „ქოცებს“. ამ ყველაფრის შემდეგ, თურმე არ გვაქვს ხმის ამოღების უფლება. როდესაც კრედიტებს ამოწურავენ, მოთმინების ფიალა აივსება. პრაგმატულადაც აღარ მიგვაჩნია, ველოდოთ როდის მოხდება ამ ხალხის დაჭკვიანება“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაც შეაფასა. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, რასაც ახლა ვუყურებთ, ყველაზე დიდი ღალატია საქართველო ისტორიაში“, ვინაიდან „პუტინი ივანიშვილს ეთამაშება „ლურჯ ვეშაპს“, ივანიშვილი კი ჩვენ გვეთამაშება „ლურჯ ვეშაპს“.
„პუტინი ეთამაშება ივანიშვილს „ლურჯ ვეშაპს“, ივანიშვილი ჩვენ გვეთამაშება „ლურჯ ვეშაპს“. იღებს ინსტრუქციას: „მოუხადე ბოდიში სეპარატისტებს, რუსებს“. ჩვენს მტრებს მოუხადე ბოდიში, ვინც ეთნოწმენდა მოგვიწყოო. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. ჩვენ დაპირისპირება გვქონდა არა მშვიდობიან მოსახლეობასთან, არამედ იმ ადამიანებთან, ვინც ანწუხელიძეს აწამებდა, ქართულ სოფლებს ანგრევდნენ. ამ ადამიანებისთვის ბოდიში მოხდა მოგვთხოვეს. ეს არის რეალურად ყველაზე დიდი ღალატი საქართველო ისტორიაში, ამას ვუყურებთ“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.