“ქოცების” სისტემის შიგნით ყველა მიხვდა, რომ სისტემის მუშაობა ყველას ავალდებულებს, ხელი ჰქონდეს გასვრილი და იყოს დანაშაულში ჩართული პირი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ 4 ოქტომბერს ძალოვანი სტრუქტურებიდან მოქმედი პირები აქციის მონაწილეების მხარეს გადმოვლენ, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ ამის მოლოდინი არსებობს, რადგან ძალოვან სისტემაშიც ხვდებიან, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი “ქართული ოცნების” მხრიდან.
“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არის, ძალიან მარტივი მიზეზი არსებობს ამის – ერთი წლის წინანდელ საქართველოსა და ახლანდელ საქართველოს შორის უდიდესი განსხვავებაა, ალბათ ამას ყველა ხვდება. როდესაც ვსაუბრობთ “ქოცების” შიგნით მდგომარეობაზე, რიგითმა “ქოცმა” იცის, რომ “ქოცების” ქურუმები ვინც იყვნენ, ისინი არიან ახლა დევნის ობიექტები, მათ წინააღმდეგ მოქმედებს პროპაგანდა, მათ წინააღმდეგ იძიებს საქმეს სუს-ი და ამას არც მალავენ.
“ქოცების” სისტემის შიგნით ყველა მიხვდა, რომ სისტემის მუშაობა ყველას ავალდებულებს, ხელი ჰქონდეს გასვრილი და იყოს დანაშაულში ჩართული პირი, თუმცა აქამდე ამ სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფდა ის, რომ ამ სისტემის შიგნით ყველა დალაგებული იყო”, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
მისივე შეფასებით, კოალიცია “ძლიერ საქართველოსა” და გიორგი გახარიას პარტიას პოლიტიკურად მძიმე დღეები ელით, რადგან, როგორც ფავლენიშვილმა განმარტა, საქართველოში ან დიქტატურა დამყარდება, ან რევოლუციური ცვლილებები დადგება და ორივე შემთხვევაში არჩევნებში მონაწილე პარტიები წაგებულები დარჩებიან.
“ლელოსა” და გახარიას პარტიას პოლიტიკურად მძიმე დღეები ელით. გახარიას მიმართ არასდროს არ მქონია არანაირი სოლიდარობის განცდა, “ლელოზე” რომ გვწყდებოდა გული, ამიტომ ვსაუბრობდით ამაზე ხშირად. ცუდი დღე იმიტომ ელით, რომ ან ჩაბეტონდება დიქტატურა ქვეყანაში, ან არ ჩაბეტონდება და რევოლუციური ცვლილებები მოხდება. პირველ შემთხვევაში – ჩაბეტონებულ დიქტატურაში, როგორც ივანიშვილმა იცის, არ დაინდობს არც რადიკალურ მებრძოლს და არც ნაკლებად რადიკალურ მებრძოლს, ამიტომაც არის, რომ მარტო ჩვენი გაუქმება არ არის დაანონსებული. მეორე შემთხვევაში, თუ რევოლუციური ცვლილებები მოხდება, რისიც ჩვენ გვწამს და რისთვისაც ვემზადებით კიდეც 4 ოქტომბერს, ამ შემთხვევაში, სულ ასე ხდებოდა ხოლმე, ვინც რევოლუციურ ცვლილებებში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა, მათი პოლიტიკური წონა აბსოლუტურად განულებული თუ არა, ძალიან შემცირებული იყო. მე ვფიქრობ, რომ მათი ეს ნაბიჯი (არჩევნებში მონაწილეობა) პრაგმატულად არის გაუმართლებელი, მორალურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
