პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ. აბსოლუტურად ყველას გვეხება, რადგან უფრო მეტი მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ლევან ხაბეიშვილის მიერ მისსავე სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, როდესაც ხაბეიშვილი ერთიანობაზე საუბრობდა, გულისხმობდა მასშტაბური ტიპის აქციას, რომელიც ერთჯერადი არ იქნება და მარშით არ შემოიფარგლება.
„როდესაც ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა შიშზე, ყველა პოლიტიკოსს შიში აქვს, რა თქმა უნდა, რომელ ადამიანს არ აქვს შიში, თავადაც იძახის, მეც მქონდა შიში და გადავლახეო. თუ გაინტერესებთ კონკრეტული ადამიანები, რომლებზეც უფრო მეტად გაღიზიანებულია, რომელთაც შეეხებოდათ კონკრეტული ტერმინები, ის ადამიანები მე და ჩემი მეგობრები არ ვართ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არასოდეს არ უგულისხმია ლევანს ამ კონტექსტში მისი მეგობრები და უახლოესი გარემოცვა, პირიქით, თვითონ თვლიდა, ჩვენ ასეთები არ ვართ და ისინი ისეთები არიანო.
ზოგადად, პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება ეს, ვინც თავისუფლებაზე ვართ. აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“ და პარტია „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი, აბსოლუტურად ყველას გვეხება, რადგან უფრო მეტი მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს.
როდესაც ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ერთადერთი, რაც ყველაზე ეფექტური იქნება, რომ გაკეთდეს, არის ის, რომ ყველანი, ვინც ვართ წინააღმდეგობაში დარჩენილი, შევიკრიბოთ და დავგეგმოთ შედარებით მასშტაბური ტიპის აქცია, რომელიც არ იქნება ერთჯერადი ან მარშით შემოფარგლული. ეს არის ლევანის აზრი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.
„არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. როგორ გძინავთ ღამე? – ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?“- განაცხადა ხაბეიშვილმა.




