ჩვეულებრივ კომედიაა, რომ ევროპელი ბიუროკრატები და ევროპელები წერენ საქართველოში აქციის ტექსტებს – თქვენ თუ გჯერათ ივანიშვილის ზღაპრების, რომ ილუმინატები, მასონები, ევროპარლამენტარები წერენ ტექსტებს საქართველოში აქციებისთვის, შეგიძლიათ დაიჯეროთ. სამწუხაროა, რომ ამ ასაკში ასეთი ზღაპრების გჯერათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმად, „პრაიმ-ტაიმის“ინფორმაციით, 28 ნოემბერს დაანონსებული აქციის ტექსტი ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ეს არის არაადეკვატური ბრალდება.
„რაც შეეხება წერილს, რომელიც თითქოს რამდენიმე წუთით ადრე გამოქვეყნდა, მართლა გეუბნებით, ამის თუ სჯერა ადამიანს, მერე აღარ ვიცი, რა შეიძლება არ დაიჯეროს. თურმე ვიღაც ევროპარლამენტარები და მაღალჩინოსნები ბრიუსელში აქციის მიმართვის ტექსტებს, ეს ბრალდება თავისი არსით არაადეკვატური გახლავთ. ადამიანს თუ ამის სჯერა, რაღა ვთქვა, არ ვიცი, მაშინ, ყველაფრის დაჯერება შეიძლება.
ჩვეულებრივ კომედიაა, რომ ევროპელი ბიუროკრატები და ევროპელები წერენ საქართველოში აქციის ტექსტებს. ეს გახლავთ აბსოლუტურად არასერიოზული. გეტყვით, როგორ ხდება აქციის ტექსტის შემუშავება, ევროპელი ბიუროკრატები არ წერენ. თუ გჯერათ ისეთი საოცრებები, რომ მასონები წერენ, ალუმინატები წერენ ამ პოსტებს, არ ვიცი, მაშინ, ეს ასე არ გახლავთ. სინამდვილეში, უფრო მეტად, ერთი კონკრეტული ადამიანი წერს და შემდგომში „ჩატში“ სხვადასხვა ადამიანები ასწორებენ და მერე, ამ ტექსტის სხვადასხვა ვერსიები იქმნება ხოლმე. ეს არის [მოცემულობა იმისა] როგორ იქმნება ტექსტი, მაგრამ თქვენ თუ გჯერათ ივანიშვილის ზღაპრების, რომ ილუმინატები, მასონები, ევროპარლამენტარები წერენ ტექსტებს საქართველოში აქციებისთვის შეგიძლიათ დაიჯეროთ. სამწუხაროა, რომ ამ ასაკში ასეთი ზღაპრების გჯერათ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ე.წ. ჩორჩანასა და 20 ივნისის აქციის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
„გიორგი გახარია, ეს ქრონიკული მოღალატე, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, სამწუხაროდ, ვერცერთ მხარეს ვერ აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ის აღმოჩნდა წინააღმდეგობისა და პროტესტის მოღალატე და ე.წ. მუნიციპალურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ანუ რუსულ სპეცოპერაციაში, შევიდა პარლამენტში და მეორე მხარეს სათანადოდ არ დაუფასეს ეს გარჯა, მაინც აღმოჩნდა დევნის ობიექტი. წლების განმავლობაში, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ის ისეთ ქმედებებში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც, როგორც მინიმუმ, უნდა გადაყენებულიყო თანამდებობიდან. ივანიშვილის გუნდის წევები, ახლა რომ საქმეს ძრავენ, მაშინ მასზე საუბრობდნენ, რომ თითქოს ის იყო სუპერძალოვანი მინისტრი, „ბუზი ყველგან ბზუოდა, გახარიას გარდა“ და ა.შ. სინამდვილეში, წლების განმავლობაში, როგორც ღარიბაშვილზე ვამბობდით, რომ ეს კაცი იყო კორუმპირებული, ისე ვსაუბრობდით გახარიაზე, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. რაც ახლა ხდება, არის არა სამართლებრივი პროცედურა, არამედ უბრალოდ, არის კლანური ბრძოლის გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.




