ირაკლი კობახიძის „კლანი“ ცდილობს, ყველაფერს დაეპატრონოს – თბილისში კორუფციის სიმბოლოდ კალაძე ითვლებოდა, წმენდის პროცესი კალაძის გარემოცვაშიც დაიწყეს და არ გამოვრიცხავ, პროცესი კალაძესაც შეეხოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ფავლენიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაპატიმრების ყველაზე სარწმუნო ვერსიად იმას ასახელებს, რომ „მათ ბიძინა ივანიშვილს დიდი ფული „მოუტეხეს“.
ფავლენიშვილის თქმითვე, ამ პროცესში დიდი როლი ირაკლი კობახიძის „კლანმა“ ითამაშა, „რომლის ინტერესშია, რომ მართვის სადავეები მხოლოდ მათ ხელში იყოს და სხვა კლანზე არ განაწილდეს“.
„რეჟიმი კორუფციაზე დგას. საყოფაცხოვრებო ენაზე რომ ვთქვა, „ქართულ – ჯიგრული პონტია“ ის, რაც ყველას „ოცნების“ პოლიტიკაზე ახსენდება. როცა „ოცნების“ მხარდამჭერებთან მისაუბრია, აქცენტი იმაზე გაუკეთებიათ, რომ ხელი ხელს ბანს, „ოცნებამ“ საქმის კეთება იცის. როდესაც ისინი მათ მიერ არჩეულ პარტიასთან სოციალურ კონტრაქტს დებდნენ, ამ კონტრაქტის პირობა იყო, რომ ზოგი ტენდერში იქნებოდა, ზოგი „ქოლ – ცენტრის“ მფარველი იქნებოდა და ფულს მეტ-ნაკლებად ყველა იშოვიდა. საბოლო ჯამში, ყველანი „ქართულ, ჯიგრულ პონტში“ იცხოვრებდნენ. ეს „ოცნების“ ბუნების შემადგენელი ნაწილი იყო.
ახლა „ოცნების“ კონტრაქტის პირობის მორღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათივე ლოგიკით ყველა და ყველაფერი დასჭერი ჰყავთ – ფაქტობრივად არ არსებობს დეპუტატი, მინისტრი და ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი, ვისაც მსგავს ქმედებებში როლი ნათამაშები არა აქვს.
მარტივი კითხვა დავსვათ – თბილისში „ქოლ – ცენტრები“ აღარ არსებობს? აღარავინ მუშაობს „ქოლ – ცენტრში?“ ტენდერებიდან ფულს აღარ „ტეხავენ“? თუ ამ ქვეყანაში კორუფციის გამოვლინებები აღარ არსებებს, მაშინ გასაგები იქნება, რომ ეს ხალხი კორუფციას და კორუფციის მძიმე შედეგებს ებრძვის, მაგრამ როდესაც ასეთი რამ არ ხდება, ეჭვი ჩნდება, რომ ეს ხალხი ებრძვის არა კორუფციას, არამედ კონკრეტულ „კლანს“.
ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, გრიგოლ ლილუაშვილი მთავრობას წარმოადგენდნენ და ქვეყანაში ბევრ რამეს აკონტროლებდნენ.
ლილუაშვილის მიერ „ქოლ – ცენტრების“ მფარველობასა და ღარიბაშვილის ეპატაჟურ კორუფციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული გუნდი საუბრობდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი მათ იცავდნენ. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კორუფციის მიმართულებით ყველაზე აქტიური იყო, პირდაპირ ამბობდა იმას, რაც წლების შემდეგ საბრალდებო დასკვნებში გამოიყენეს.
ირაკლი კობახიძის „კლანი“ ცდილობს, ყველაფერს დაეპატრონოს – თუ მანამდე ლილუაშვილსა და მის „კლანს“ ჰქონდა წვდომა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ბერკეტებზე, მსხვილ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, ახლა ცდილობენ ყველაფერი თვითონ ჩაიგდონ ხელში.
ყველაზე სავარაუდო ვერსია არის ის, რომ ივანიშვილს დიდი ფული „მოუტეხეს“. შეიძლება ივანიშვილი ბევრმა რამ გააღიზიანა და აღაშფოთა – თბილისის ცენტრში მომხდარმა მკვლელობამ, რუსეთში ფარცხალაძის გავლენებისა და კავშირების ზრდამ, ღარიბაშვილის და ლილუაშვილის დამოუკიდებელი კონტაქტების გაჩენამ, მათ შორის საგარეო ფრონტზე, დიდძალი ფინანსური რესურსის მობილიზაციამ და იმან, რომ ეს ორი ადამიანი საერთოდ არ დასანქცირდა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ „ბოსისგან“ ბევრი ფული ჰქონდათ „მოტეხილი“. ამიტომ ლოგიკურია, რომ მოხდა მათი მოშორება.
ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა „კლანმა“, რომლის ინტერესშია, რომ მართვის სადავეები მხოლოდ მათ ხელში ყოფილიყო და სხვა კლანებზე არ გაენაწილებით. ეს პროცესია ჩვენს წინაშე.
ასეთი რეჟიმები ძალიან საშიშია ქვეყნისთვის – ხალხი, რომელიც მხოლოდ ფულისთვის და ძალაუფლებისთვის იბრძვის საერთოდ არ არის ორიენტირებული რეფორმებზე, მოქალაქეებზე და კეთილდღეობის შექმნაზე. ორიენტირებული არიან ხელისუფლების ხელში ჩაგდებასა და ეფექტურ მართვაზე – ეს არის ყველაზე საშიში ამ ქვეყნისთვის!“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.




