საქართველო უბრალოდ ჩაკეტა ივანიშვილმა, აპირებს ყველა პოლიტიკური ლიდერის განეიტრალებას და დემოკრატიის ლიკვიდირებას ქვეყანაში – დიქტატურის აქლემი ყველას კართან დაიჩოქებს. „ქოცები“ იქნებიან თუ არა, ყველას შეეხება დიქტატურა. ასეთია დიქტატურის ბუნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიას ორი მიზანი ჰქონდა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა და პოლიტიკოსების დაპატიმრება.
„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ამ კომისიის შექმნის ორი მთავარი მიზეზი არსებობდა. პირველი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა და რუსებისთვის საერთაშორისო არენაზე მანევრირების უფლების მიცემა, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მეორე მიზანი იყო პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაპატიმრება. რა თქმა უნდა, ეს კომისიაზე არ მისვლით მოხდება თუ შეთითხნილი ბრალდებებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია. ვნახეთ, რომ გახარიას შემთხვევაში, კომისიაზე მისვლა არ არის იმის წინაპირობა, რომ დაიზღვევ თავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ამ რეჟიმს შეუძლია ძალიან მარტივად შეთითხნოს ბრალდებები ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ.
საქართველო უბრალოდ ჩაკეტა ივანიშვილმა, აპირებს ყველა პოლიტიკური ლიდერის განეიტრალებას და აპირებს დემოკრატიის ლიკვიდირებას ქვეყანაში. როცა აღარ იქნება ოპოზიციური პარტიები, ამასაც აპირებს უკანონოდ და არალეგალურად გამოაცხადოს ოპოზიციურ პარტიები. ასევე, აპირებს, რომ ყველა დაიჭიროს, არასამთავრობო ორგანიზაციები აკრძალოს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა. დიქტატურის აქლემი ყველას კართან დაიჩოქებს. „ქოცები“ იქნებიან თუ არა, ყველას შეეხება დიქტატურა. ასეთია დიქტატურის ბუნება“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მან აღნიშნა, „რაც არ არსებობს, იქ ვერ მიიღებ მონაწილეობას“.
„როცა პოლიტიკური ლიდერები დაატყვევეს, როცა კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის, რა კამპანიაზეა საუბარი, როცა საარჩევნო პროცესია ამ ქვეყანაში გაუქმებული. დემოკრატიის ყველა წყარო და სივრცე არის განადგურებული, ამ პირობებში, საუბარი მათ შორის, ნებისმიერი ტიპის საარჩევნო პროცესზე საუბარი არის უბრალოდ ტყუილი, სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურად. ეს ყველაზე კარგად იცის იმ ხალხმა, ვინც ამ პროტესტში ყველაზე აქტიურია. რაც არ არსებობს, იქ ვერ მიიღებ მონაწილეობას“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, ფავლენიშვილმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ იზოლაცია გრძელდება.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური განვითარებისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მზარდი და უპრეცედენტო ხდება ყველა მიმართულებით საქართველოს დასავლური იზოლაცია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
