ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილი, კრემლის ნარატივით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს – ეს რეჟიმი საქართველოს მტრობს

ივანიშვილი, კრემლის ნარატივით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს.­ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეჟიმი საქართველოს მტრობს, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რამდენად რეალურია, რომ არაღიარების პოლიტიკა შესუსტდეს.
მისი თქმით, უკვე წავიდა ამ ნაბიჯზე, რის გამოც აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც საკუთარ მხარეს, საქართველოს ადანაშაულებ საომარი მოქმედებების დაწყებაში, მათ შორის იმეორებ იმ ნარატივს, რომელიც აქვს კრემლს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, აძლევ პოლიტიკურ ასპარეზზე კრემლს მეტ სასაუბროს და უფრო მეტ ბერკეტს. გაეროს ტრიბუნაზე რუსებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ამ არგუმენტის გამოყენება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გარდა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს რეჟიმი ვნებს და სპეციალურად მტრობს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, ჰააგაში და სტრასბურგში მიღწეული გამარჯვება შევინარჩუნოთ, აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.