ირაკლი ფავლენიშვილი – ზუსტად 5 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“, როდესაც კრემლის საამებლად ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და დაასახიჩრეს

ზუსტად 5 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“, როდესაც კრემლის საამებლად ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და დაასახიჩრეს, სრულიად გამიზნულად. დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან მოვედი დავით ფარადაშვილთან ერთად, მას უჭირს გადაადგილება, სრულფასოვანი ყოველდღიური ცხოვრება, ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ, რომ დათოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის საღამოს დაზარალებულ დავით ფარადაშვილს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ გააჩნია და სახელმწიფოსგან მიტოვებულია.
„ზუსტად 5 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“, 20 ივნისიდან, როდესაც კრემლის საამებლად ქართველ პატრიოტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, მიაყენეს მძიმე დაზიანებები და სრულიად გამიზნულად დაასახიჩრეს. დღეს, 5 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები არიან სრულიად მიტოვებულები სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. დღეს მე ჯანდაცვის სამინისტროსთან მოვედი დავით ფარადაშვილთან ერთად, რომელიც იყო აქტიური, მშრომელი ადამიანი, ინახავდა ოჯახს, თუმცა დღეს ის არის ეტლს მიჯაჭვული, ვერ ახერხებს გადაადგილებას, სრულფასოვან ცხოვრებას, ვეღარ მუშაობს, ვეღარ ინახავს ოჯახს და სახელმწიფოსგან არის სრულიად მიტოვებული. ელემენტარულ სამედიცინო დახმარებასაც კი, რომელსაც მას უწევენ, სჭირდება თვეობით ლოდინი და რამდენიმე განცხადების დაწერა. ჩვენ ყველა ინსტიტუციას მივმართავთ და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ, რომ დათოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს და მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას. ასევე, მომავალში ჩვენ გპირდებით, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები სახელმწიფოს ძალადობის გამო, მათი უფლებები იქნება აღდგენილი და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება კონკრეტული გზები, რითაც ამ ადამიანებს ვუმკურნალებთ და ამ ადამიანებს ექნებათ შესაბამისი დახმარება და ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ეს ადამიანები არიან გმირები, პატრიოტები, რომლებმაც თავიანთი ჯანმრთელობა გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის და ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.