გიორგი გახარია ოპოზიციონერი კი არ აღმოჩნდა, აღმოჩნდა გაბუტული „ქოცი“, რომელსაც შიდა „ქოცურ“ ბრძოლაში მოუწია წაგება და თანამდებობის დატოვება – ხალხი რას აპროტესტებდა 4 ოქტომბერს, გიორგი გახარიას არ ესმის, რადგან „ქოცია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
ფავლენიშვილის განცხადებით, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოში ერთი კაციც ვერ შეიყვანა, „ალტ-ინფომ“ და „გირჩმა“ აჯობეს, რაც არის პასუხი გიორგი გახარიას „გაქცევაზე“.
„კაცი გაქცეულია გერმანიაში, შეეშინდა და გაიქცა, იქიდან zoom-ით ერთვება და საუბრობს ხალხზე, რომელიც არ მიდის ქვეყნიდან, არ აპირებს გაქცევას, ბოლომდე იბრძვის, საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აყენებს საფრთხის ქვეშ და იმ ხალხზე ამბობს, რომ ჰეროიზაცია არ უნდა მოხდეს. გერმანიაში გაქცევის და სამუშაო ვიზის აღების ჰეროიზაცია მოხდება? კაცი, რომელსაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, ქვეყანას რომ მართლა ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, მაგ დროს გარბის, მაგ კაცის ჰეროიზაცია როგორ უნდა მოხდეს?
გიორგი გახარიას პასუხი გასცა საკუთარმა ამომრჩეველმა. რაც არ უნდა სპეცოპერაციად თვლიდე, თბილისის საკრებულოში ერთი კაციც ვერ შეიყვანა, „ალტ-ინფომ“, „გირჩმა“ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა აჯობეს ძალიან მკაფიო სხვაობით, ეს არის პასუხი გაქცევაზე. ეს კაცი ოპოზიციონერი კი არ აღმოჩნდა, აღმოჩნდა გაბუტული „ქოცი“, რომელსაც შიდა ქოცურ ბრძოლაში მოუწია წაგება და დატოვება თანამდებობის. 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციას რომ დაარბევ და რუსული პოლიტიკის ღიად განხორციელებას რომ დაიწყებ, რა თქმა უნდა, უდიდესი ალბათობით ჩვეულებრივი ქოცი ხარ, უბრალოდ პირადი კინკლაობის გამო ტოვებ პარტიას. 20 ივნისი საკუთარ თავზე აიღო და დღემდე იძახის, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ვარო. ამ კაცის მხრიდან ნებისმიერ რამეზე საუბარი, მორალზე, პოლიტიკაზე, ნებისმიერ რამეზე, არის უბრალოდ არაადეკვატური…
გერმანიაში სამუშაო ვიზით გაქცეული ლიდერი და მისი პოლიტიკური ქმედებები არის რეალური საფრთხე ივანიშვილისა და ავტორიტარიზმისთვის თუ ის, რაზე ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა და ბატონი პაატა ბურჭულაძე რომ ყოველდღიურად აქციაზე დადიოდა? მართლა ამორალური გახლავთ, გერმანიაში გაქცეული კაცი მდიდრული სასტუმროებიდან რომ ესაუბრება ხალხს, რომელსაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი იმისათვის, რომ მათ უნდოდათ დიქტატურისგან თავის დახსნა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილმა გადაცემაში ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზეც ისაუბრა, მათ შორის ცვლილებებზე, რის საფუძველზეც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
კითხვაზე, რას აპირებთ, თუ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება, დაემორჩილებით თუ არა ამ აკრძალვას, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს: „ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმორჩილებლობა გამოცხადებული გვაქვს“.
„მოდი პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმორჩილებლობა გამოცხადებული გვაქვს. ივანიშვილის რეპრესიების მიზეზი გახლავთ ის, რომ მან ვერ გადატეხა ქართველი ხალხი… გვეუბნებიან, რომ არ გაქვთ უფლება, პოლიტიკური აზრი გქონდეთ, რუსთაველის გამზირი გადაკეტო. თუ ჩვენ დიქტატურას ვეგუებით, ეს არის ერთი გზა და მეორე გზა არის, რომ დიქტატორულ კანონებს არ შეეგუო. ყველას ვეტყოდი, რომ ჩვენ ახლა უნდა ვებრძოლოთ, ახლა არის მომენტი, როცა ჩვენ გვაქვს შანსი, თორემ როგორც საბჭოთა ტერორის გამძაფრების შემდეგ აზრი აღარ ჰქონდა არაფერს, ასევე აღარ ექნება აზრი არაფერს იმის შემდგომ, რაც ივანიშვილის ტერორი კულტურულ რევოლუციას მოაწყობს, ყველას დაიჭერს, ყველას გახიზნავს და ყველას გააჩუმებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
