არჩევნებზე შედეგით დამტკიცდება, რომ „ნაცმოძრაობას“ ეს ხელოვნური კრიზისები და გადინება ელექტორალურ საფრთხეს ვერ შეუქმნის – ნიკა მელია ძლიერი ფიგურა მაშინ იყო, როცა ენმ-ს ლიდერი იყო და როცა ოპოზიციის ოპოზიცია გახდა, მისმა პოლიტიკურმა რეიტინგმა, ფასმა დაიწია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თუნდაც ათეულობით, ასეულობით ადამიანის გადინება გადაულახავი პრობლემა არასდროს ყოფილა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებმაც ენმ დატოვეს, თვეების განმავლობაში პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდნენ და პირიქით, ბოიკოტისა და საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ.
„ეს ამბავი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ხელოვნურად გაბუქებული, იმიტომ, რომ ეს დღევანდელი მოცემულობა არ არის. „ნაცმოძრაობას“ ეს მოცემულობა 8-9 თვის წინ დაუდგა. ეს ადამიანები არ იღებდნენ და აღარ იღებენ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობას აბსოლუტურად, პირიქით, ბოიკოტისა და საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ. პარტიას ამ პრობლემის გამკლავება, ფაქტობრივად, წინა თვეების მანძილზე მოუწია და არა ახლა, ამიტომ დღეს, რაც მოხდა, არის უბრალოდ იმის დემონსტრირება, გაბუქება და ტირაჟირება იმის, რომ თითქოს, ასეულობით ადამიანი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს პარტია ეფუძნება იდეალებს, ანტისაოკუპაციო მთავარი კერა არის და მისი ამომრჩევლების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ეს ხელოვნური კრიზისები გავლენას ვერ მოახდენს.
მე პოლიტიკურ პირობას ვიძლევი, რომ უახლოეს მომავალში, სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის, სოციოლოგიური კვლევებით, არჩევნებზე შედეგით დამტკიცდება, რომ “ნაცმოძრაობას” ეს გადინება ელექტორალურ საფრთხეს ვერ შეუქმნის,“ – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, ენმ-ს წევრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიულ საქმიანობაში უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთო, რაც პარტიას ელექტრონულად კიდევ უფრო ამყარებს.
მისივე თქმით, ნიკა მელია ძლიერი ფიგურა მაშინ იყო, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, თუმცა მაშინ, როდესაც ოპოზიციის ოპოზიცია გახდა, მისმა პოლიტიკურმა რეიტინგმა და ფასმა დაიწია.
„ღრმად მწამს, რომ ჩვენი რეიტინგი იქნება მზარდი. თუ ნიკა მელია და სხვა პოლიტიკური ფიგურები ოპოზიციურ ველზე პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებენ და 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ჩვენთვის იქნება სასიამოვნო,“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.