ჩვენ გვაქვს გახლეჩილი საზოგადოება მსხვერპლსა და მოძალადეს შორის. ეს თუ არ გამოვასწორეთ, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე საუბრისას.
„რასაც გასამართლება ჰქვია, ეს პროცესი ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა ჩავიხედოთ შიგნით და დავინახოთ, რა დავაშავეთ. ამის ამოცანა ის კი არ არის, რომ ვიღაც ციხეში ჩასვა, ამის ამოცანაა, რომ მეორედ ვერავინ გაბედოს ამის გაკეთება. შენ უნდა გამოიძიო და ამ გამოძიებას მოჰყვება ეს პროცესი და ეს არ უნდა იყოს, როგორც დამსჯელი პროცესი. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის მერე „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია შეიძლება აიკრძალოს, ისევე, როგორც აიკრძალა ფრანკოს პარტია, მუსოლინის პარტია, ეს ნორმალური მოვლენაა.
გერმანიაში ბავშვებს რომ ანახებენ საკონცენტრაციო ბანაკებს, იმიტომ ანახებენ, რომ იცოდნენ რა გააკეთა მისმა წინამორბედმა. ჩვენც უნდა ვანახოთ ის საშინელი ციხეები, რაც იმ დროს იყო. უნდა ვანახოთ, რომ ეს მოგვივიდა, როგორც ერს და მეორედ ეს არ უნდა მოგვივიდეს“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.