ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ბუტა რობაქიძის საქმეზე – ადეიშვილი ამ საქმეში გამართლდა

მოკლედ
· ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
· იქიდან გამომდინარე, რომ მის მუხლს ამნისტია შეეხო, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა, რომელსაც გამოაკლდება მიმდინარე პატიმრობა და 20 ივნისის საქმეზე მოხდილი ათთვიანი სასჯელი. მას პატიმრობის მოხდის ვადად 4 წელი და 5 თვე რჩება.
· ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იყო ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც სასამართლომ გაამართლა.
· ბუტა რობაქიძის დედა, რომელიც ღიად “ოცნების” მხარდამჭერია, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა – ის ადეიშვილის დასჯასაც ითხოვს.
“ბრალდება შეეხებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ირაკლი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას – თითქოს მან 2004 წელს უკანონო მითითება მისცა თავის ქვემდგომ თანამშრომლებს. ამ საქმეზე მოსამართლემ 7 წელი მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, ამ 7 წლიდან ამნისტიით მოაკლო ¼, ჩამოვიდა 5 წელსა და 3 თვეზე, რადგან “გავრილოვის ღამეზეც” ათთვიანი სასჯელი აქვს მოხდილი, ესეც ჩაუთვალა მოხდილად და წესით, ახლა რომ ზის, ესეც უნდა ჩაეთვალოს.
ეს არის აშკარად პოლიტიკური პროცესით განპირობებული – 2019 წელს წაუყენეს ბრალი 15-წლიანი ხანდაზმულობის გასვლამდე სამი დღით ადრე იმ დროს, როცა საპატიმროში იმყოფებოდა “გავრილოვის ღამის” საქმეზე”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
მისი განმარტებით, ერთადერთი მოწმე, რომლის ჩვენებასაც ეყრდნობოდა გამოძიება ოქრუაშვილისთვის ბრალდების წასაყენებლად, აწ გარდაცვლილი ზურაბ მიქაძე იყო, თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელმაც ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ საპატიმროში მიცემული ირიბი ჩვენების საფუძველზე საპროცესო გარიგება გააფორმა და ციხიდან დაიხსნა საკუთარი თავი.
“ის მუდმივად ცვლიდა ჩვენებებს, და თანაც იმის მტკიცებულებად, რასაც ამბობდა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, არცერთი ფაქტი არ არსებობდა”, – ამბობს ოქრუაშვილის ადვოკატი.
ადვოკატისგან განსხვავებით, პროკურორი თვლის, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება სრულად დადასტურდა და საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იყო.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა დავალება, რომ -ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა პოლიციას და, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია.
ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული. ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა იმას, რომ ფალსიფიცირებული გამოძიება არ წარმართა სამართლებრივად სწორად. მეორე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა სრულად. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი“, – პროკურორის ლაშა კოტრიკაძის კომენტარს „იმედი“ ავრცელებს.
ყოფილი შინაგან და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე პატიმრობაში იმყოფება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 2025 წლის 14 მაისიდან. მას თეა წულუკიანთან კომისიაზე არმისვლისთვის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა 2025 წლის ივლისში.
ფორუმი