ირაკლი ნადირაძის წერილი ციხიდან

ირაკლი ნადირაძე, ადვოკატის დახმარებით, ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მეგობრებო, როგორ ხართ? რადგან რუსული რეჟიმის მიერ ამ დრომდე ჩამორთმეული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ყველანაირი უფლება (ზარის, მიმოწერის, ოჯახთან და შვილებთან შეხვედრის და ა.შ), ამიტომ ჩემი ადვოკატის და ჩემი მეგობრის, ირაკლი აბესაძის, მეშვეობით გიხდით ყველას დიდ მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის და გითვლით გულთბილ და მონატრებულ მოკითხვებს გლდანის ციხის 38-ე საკნიდან . იმედია, ყველა ჩვენსავით მხნედ და ყოჩაღად ხართ, რადგან ამ
ბრძოლაში სხვანაირად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გვაქვს. აქვე, მოვიკითხავ ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ, გაუტეხავ, მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც არ ეგუებიან რუსულ დიქტატორულ რეჟიმს, ამაყად და შეუპოვრად იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს! ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით!!! სხვანაირად, უბრალოდ არ და ვერ მოხდება!!! მთავარია ერთობა და ერთიანი, გააზრებული, ბრძოლა, სადაც იბრძვის ყველა და არა იბრძვის ერთი ან იბრძვიან ერთეულები და დანარჩენი, ათი ან ასი ათასობით ადამიანი უბრალო მაყურებლის, ,,ექსპერტის” ან/და ჩასაფრებულის როლშია… არ შეიძლება ადამიანს სამშობლოს გართმევდნენ და არ მოქმედებდე და უყურებდე ამ ყველაფერს გულგრილად… უნდა ახსოვდეს ყველას, რომ ამ გულგრილობას და უმოქმედობას ბოროტების თანამონაწილეობამდე და ქვეყნის გარუსებამდე მივყავართ.
ერთ კარგ წიგნში ამომიკითხავს: ,,სტატისტიკის მიხედვით საწოლში მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სანგრებშიო”, ამიტომ ნუ შევუშინდებით, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ ,,სანამ გვიან არ არის”, რომ ამ ქვეყანაში ქართველის ნახვა მალე სანატრელი არ გაგვიხდეს და სახელმწიფო ენად რუსული არ გამოგვიცხადონ, როგორც ერთ დროს სურდათ და სცადეს ამ ,,მთავრობის” სულიერმა წინაპრებმა…
უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში, ას და ათას მონაზე, მოღალატეზე ერთი გმირი სულ იყო და მათი გმირობა ყოველთვის წონიდა ამ მონების, მოღალატეების ვერაგობას, სიმუხთლეს… ახლაც ბევრი თანამედროვე გმირი და მებრძოლი ყავს ამ ქვეყანას. ზოგი ციხეში, ზოგი თავისუფლებაზე, ზოგი პოლიტიკაში, ზოგი ხელოვნებაში, ზოგი რუსთაველზე დროშით, ზოგიც ჟურნალისტიკაში მიკროფონით და კამერით ხელში… მთავარია ახლა ყველა ამ გმირმა, ბოლომდე იპოვოს ერთმანეთი, ბოლომდე გაუგოს ერთმანეთს, დასხდნენ ერთად, დაგეგმონ ერთად, იმოქმედონ ერთად და მერე აუცილებლად გაიმარჯვებენ ერთად! ერთად ყველაფერი გამოგვივა!

გამიგრძელდა სიტყვა და ბოლოს მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ამხნევებთ პოლიტ და სინდისის პატიმრებს, ასევე, პირადად გიხდით დიდ მადლობას ყველას, ვინც ამხნევებთ და გვერდში უდგეხართ ჩემს შვილებს, ოჯახს, ყველანი მიყვარხართ და მახსოვხართ

P.S. “საკან 38-ში” , მე და რეზო კიკნაძეს ხანდახან დრო ლექსების წერაში გაგვყავს, კი იცით მგონი უკვე (ოღონდ შინაარსზე ნუღარ ინერვიულებთ ხოლმე, გთხოვთ ) აქ ბევრს ვკითხულოვთ ძალიან, მათ შორის, საბჭოთა დისიდენტებზე, ამიტომ ხან რაზე შემოგვეწერება, ხან რაზე, მაგრამ ჩემს აქ დაწერილ ლექსებს შორის, განსაკუთრებულად მიყვარს ერთი, რომელიც მგონია, რომ ყველაზე ზუსტად ასახავს აქ ჩემს და ბევრი ჩვენი თანამოაზრის განწყობას:

“დედაო სამშობლოვ, ხატზე საფიცარო
რუსთველის ენაზე ტკბილად მოღაღადევ,
ჩემო გულის ცემავ, ჩემო სატკივარო
ისევ მტერი გებრძვის… ისევ მოღალატე…

უნდათ დაგაჩოქონ, მოგკლან და გაგთელონ,
შენთვის თავგანწირვა ბრძოლით განვიზრახეთ
მუხლებზე არ დაეცე ჩემო საქართველო
და თუ სიკვდილია – იქ ჩვენ დაგვიძახე!”

ირაკლი ნადირაძე

ბრძოლა ბოლომდე და ცეცხლი ოლიგარქიას!!!
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! მიყვარხართ!
27.01.2026.“