უმძიმესი ბრალდების წინაშეა ხელისუფლება და მას მოუწევს ან იმის დამტკიცება, რომ ეს ტყუილია, ან მოუწევს პასუხისგება , – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად შესაძლოა ნივთიერება “კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საკმაოდ დაბნეული გამოიყურება, რადგან ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ „ნივთიერება “კამიტი” იყო, ხოლო ახლანდელი მინისტრი იძახის, რომ არ იყო“.
„ეს საკმაოდ მძიმე შემთხვევაა საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჩვენ ფანტომური ტკივილები გვაქვს, 9 აპრილსაც მოგვწამლეს. მაშინაც რუსებმა ბოლომდე არ თქვეს და გერმანელები ამბობდნენ, რომ გამოყენებული ნივთიერებებიდან 5 ცნობილია და ერთი ნივთიერება, რომლითაც დაშლა მოხდა, ვერ გაიგეს. როდესაც ასეთი მეხსიერებაა, გამძაფრებული რეაქცია გვაქვს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებენ ამ ნივთიერებას. ეს ნივთიერება ფრანგებმა გამოიყენეს გერმანელების წინააღმდეგ პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ ის იყო ომი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება აიკრძალა.
უმძიმესი ბრალდების წინაშეა ხელისუფლება და მას მოუწევს ან იმის დამტკიცება, რომ ეს ტყუილია, ან პასუხისგება დადგება. მე ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ძალიან მძიმე შემთხვევაა, ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება, თუკი BBC-ში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.
ხელისუფლება საკმაოდ დაბნეული გამოიყურება. ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ ეს ნივთიერება იყო, ახლანდელი მინისტრი იძახის, რომ არ იყო. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს. როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოძიებას იწყებს და იწყებს იმ ხალხის მიმართ, რომ მათ ხომ არ მიაწოდეს მტრულ ქვეყანას ინფორმაცია, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს იმიტომ, რომ ვინც მართალია, ის ინფორმაციის დამალვას არ ცდილობს. ყველა ხვდება, რომ ეს არის პირში ბურთის ჩაჩრის მცდელობა იმ ადამიანებისთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება საინტერესო მოწმეები იყვნენ, მით უმეტეს თუ საერთაშორისო გამოძიება წავიდა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.




