საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ირაკლი, თქვენთან შეხმიანებამდე ვნახე რომ ორი თვის წინ გვისაუბრია ქვეყნისთვის აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.
სამწუხაროდ, ამ ორ თვეში ქვეყნის შიგნით და საგარეო ურთიერთობებში ვითარება კიდევ უფრო გართულებული და გაუარესებულია. ამაზე ყოველ დღე ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე და კონკრეტული ქმედებებიც მეტყველებენ.
რადგან სახელისუფლებო გუნდის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მთავარი გზავნილი ასე გამოიყურება – პროტესტანტებისა და ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მტკიცება ეფუძნება მტკიცებას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია.
2024 წლის არჩევნების თემა, თითქოს ჩავლილიც კია, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ისე არ სურდა „რადიკალურ ოპოზიციასთან“ დიალოგი, ძნელი სავარაუდო არ იყო, რომ ცესკო არჩევნებში გამარჯვებულად 51%-ზე ოდნავ მეტად სწორედ „ქართულ ოცნებას“ გამოაცხადებდა. საბოლოო შედეგიც ასე დაფიქსირდა ხელისუფლებას – 54%, ოპოზიციას – 46%.
ამის შემდეგ მოვლენათა განვითარებას აღარ აღვწერ. მინდა გთხოვოთ, უპასუხოთ ერთობ დავიწყებულ კითხვას – სავარაუდოდ, რატომ თვლის ოპოზიცია, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი და ასევე რატომ აყენებენ ეჭვის ქვეშ ჩვენი დასავლელი პარტნიორები 2024 წლის არჩევნების შედეგებს?
– ოპოზიცია ხშირად ბრაზობდა ხოლმე, როცა ვსაუბრობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომ მათ ალღო ვერ აუღეს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს.
პარადოქსულად ჩანს, მაგრამ მაჟორიტარების გაუქმებამ, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების თვალსაზრისით, უფრო მეტად ოპოზიცია აზარალა, პარტიების სიების ე.წ. პოტენციურად გამსვლელი ნაწილი თითქმის სრულად თბილისელებით აღმოჩნდა დაკომპლექტებული.
პარტიების დიდ ნაწილს მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში საერთოდ არ ჰყავდა ადგილობრივი ორგანიზაციები, ამას დაემატა ის, რომ აღარ იყვნენ მაჟორიტარული კანდიდატები, რომლებიც ადრე სოფელ-სოფელ ატარებდნენ შეხვედრებს და აგრძნობინებდნენ მოსახლეობას, რომ ოპოზიცია იქ არსებობდა და მათ გვერდში ედგა.
2024 წელს კი ოპოზიციისგან გაცლილ რეგიონებში ხელისუფლებამ ბოლომდე გაინავარდა. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ არჩევნების შედეგები დამახინჯდა და რამაც გამოიწვია შესაბამისი საერთაშორისო რეაქცია
ახლა კი, ოპოზიციამ, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არც ადგილობრივი ორგანიზაციები ჰყავდა და უკვე აღარც მაჟორიტარული კანდიდატები, საერთოდ ვერ მოახერხა რეგიონების დიდ ნაწილში აქტიური კამპანიის ჩატარება, სოფლების უდიდეს ნაწილში შესვლა და მოსახლეობას, ძირითადად, ტელევიზიებიდან ეურთიერთებოდა.
ჰო, როცა პარტიას ერთი-ორი ლიდერი ჰყავს, ისინი იძულებულნი არიან, სოფლებში რამდენიმე ათეულ კაცთან შეხვედრას, ტელევიზიით გამოსვლა ამჯობინონ, რადგანაც ბევრად დიდ აუდიტორიას მიმართავენ.
მაგრამ ასეთ დროს, მაჟორიტარი კანდიდატების გაქრობის გამო, პარტიების უმრავლესობისთვის სოფლები ცარიელი დარჩა. ხელისუფლებამ უფრო აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და მიხვდა, რომ რეგიონებში კამპანიის წარმართვისთვის პოლიტიკური ფიგურების ვაკუუმი იქმნებოდა და თავიანთი კანდიდატები თითოეულ რეგიონს დელეგატებად მიაბა.
რეგიონების უპატრონოდ დატოვებამ ხელ-ფეხი გაუხსნა ხელისუფლებას, რათა იქ სრულად გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესურსი. სწორედ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, როცა მმართველი პარტია ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი კი არა, სახელმწიფო მანქანაა თავისი შეუზღუდავი ადამიანური თუ ფინანსური რესურსებით, თვითმმართველობის მოხელეებით, მერის წარმომადგენლებით, სუსით, შსს-თი და ა.შ.
ყოველთვის იყო ქართული არჩევნების მთავარი პრობლემა. 2024 წელს კი ოპოზიციისგან გაცლილ რეგიონებში ხელისუფლებამ ბოლომდე გაინავარდა. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ არჩევნების შედეგები დამახინჯდა და რამაც გამოიწვია შესაბამისი საერთაშორისო რეაქცია.
– რადგან 2024 წლის არჩევნების გაყალბება-გაუყალბებლობის თემას შევეხეთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, ოპოზიციის ლიდერების ნაწილი როგორ აქებდა ცესკოს ელექტრონული არჩევნებისთვის მზაობას და ამტკიცებდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო.
რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ამის გამო ბოდიშიც კი მოიხადა, მაგრამ არჩევნების შედეგს არ დათახმებია და არც პარლამენტში შესულა და ქუჩაში დაწყებულ საპროტესტო აქციას სათავეში არ ჩადგომია, და სხვების მსგავსად შორი-ახლოდან გულშემატკივრობდა პროტესტანტებს.
არჩევნების აღიარება-არაღიარებასთან დაკავშირებით და ასევე ქუჩაში განვითარებული პროცესების დაწყების შემდგომ რა შეცდომა დაუშვა ოპოზიციურმა სპექტრმა?
– თუ დაშვებული შეცდომები არ გაანალიზდა, ვერასდროს შევძლებთ ვითარების გამოსწორებას და ერთი და იგივე წრეზე ვივლით. „ახლა მაგის დრო არ არის, ჩვენს შეცდომებზე საუბარი ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს“ და მსგავსი ნარატივები ყოველთვის დიდი ზიანის მომტანი იყო საპროტესტო მოძრაობისთვის.
ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც ამ საქმეში ყოფნა სურს, უნდა გაითავისოს მარტივი ჭეშმარიტება – პოლიტიკაში მოლაპარაკება, კომპრომისი, შეთანხმება, ეს არ არის სალანძღავი სიტყვები, უწესო გარიგების, გაყიდვისა და უპრინციპობის სინონიმი.
თითქოს ანბანური ჭეშმარიტებაა და მე თავადვე მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი მიზნისთვის მებრძოლებს შორის (გაცხადებული ასეა) ურთიერთობების ის ხისტი და უკომპრომისო ფორმები, აგენტომანია, რომელიც კარგა ხანია, დამკვიდრდა საპროტესტო მოძრაობაში, მხოლოდ აზიანებს საერთო საქმეს. ხალხს კი არ აერთიანებს მოძრაობის ირგვლივ, არამედ პირიქით, აშორებს მას.
„ბელადები არ გვინდა“ – ერთი და სწორი თემაა, მაგრამ ის, რომ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მწვავე, ხშირად ძალიან მრავალრიცხოვანი პროტესტების ფონზე ვერ გამოიკვეთა საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელი ბირთვი, რომელიც დაგეგმავდა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა პროცესების მართვაზე, ეს, ჩემი აზრით, მოძრაობის სისუსტე უფროა, ვიდრე მისი სიძლიერე.
მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მწვავე, ხშირად ძალიან მრავალრიცხოვანი პროტესტების ფონზე ვერ გამოიკვეთა საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელი ბირთვი, რომელიც დაგეგმავდა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა პროცესების მართვაზე, ეს, ჩემი აზრით, მოძრაობის სისუსტე უფროა, ვიდრე მისი სიძლიერე
ის, რომ ხალხს მთავრობა არ მოსწონდა, საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად არასდროს საკმარისი არ ყოფილა. მე არ მახსოვს ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ბევრი უკმაყოფილო არ ჰყავდა, მაგრამ ცვლილების დრო მოდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა ოპოზიციაში გამოჩნდებოდა ძალა (ძალები), ლიდერი (ლიდერები) რომლებიც შეძლებდნენ მოქალაქეების დაჯერებას, რომ მათ უკეთ შეუძლიათ არსებული პრობლემების მოგვარება.
მე არ მახსოვს ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ბევრი უკმაყოფილო არ ჰყავდა, მაგრამ ცვლილების დრო მოდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა ოპოზიციაში გამოჩნდებოდა ძალა (ძალები), ლიდერი (ლიდერები) რომლებიც შეძლებდნენ მოქალაქეების დაჯერებას, რომ მათ უკეთ შეუძლიათ არსებული პრობლემების მოგვარება
ამიტომ მხარდაჭერის მოპოვებას მხოლოდ „ხელისუფლება არ ვარგა“ – ამის ძახილი არ ყოფნის. უკვე წლებია, ლამის მხოლოდ ამითაა დაკავებული უკლებლივ ყველა ოპოლიდერი. მოქალაქეებმა უნდა დაინახონ ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს პოლიტიკურ პროცესზე და მოსახლეობას იმედს მისცემს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხევაში, მათი პრობლემები კი არ გაიზრდება, არამედ მოგვარდება.
აქტივისტების ნაწილში გავრცელებული მოსაზრება, ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძვით, თორემ პოლიტიკა არ გვაინტერესებს, საფუძველშივე არასწორი მგონია. ის, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება, ეს არ არის უბრალოდ სამოქალაქო აქტივიზმი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და მის სწორად წარმართვას თავის წესები აქვს. დედამიწის ზურგზე არავის ახსოვს წარმატებული წინააღმდეგობის მოძრაობა ლიდერების, მათ მიერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მიღწევადი მიზნებისა და გამარჯვებამდე მისასვლელი გზების დაგეგმვის გარეშე.
მხარდაჭერის მოპოვებას მხოლოდ „ხელისუფლება არ ვარგა“ – ამის ძახილი არ ყოფნის. უკვე წლებია, ლამის მხოლოდ ამითაა დაკავებული უკლებლივ ყველა ოპოლიდერი. მოქალაქეებმა უნდა დაინახონ ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს პოლიტიკურ პროცესზე და მოსახლეობას იმედს მისცემს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხევაში, მათი პრობლემები კი არ გაიზრდება, არამედ მოგვარდება
ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ საპროტესტო მოძრაობას წარმატების მისაღწევად ქვეყნის შიგნით სოციალური ბაზის გაფართოება და მხარდაჭერის გაზრდა სჭირდება. „ვინც ჩვენ მხარს არ გვიჭერს, ყველა ბიძინას ზებრა და პუტინის მონაა“ – ამის ძახილი კონტრპროდუქტიულია, ამცირებს პროტესტის გაფართოების შესაძლებლობას და მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
არცთუ იშვიათად, ხანგრძლივი პროტესტების დროს, საზოგადოების ნაწილში ყალიბდება ვითარება, როცა თავად პროტესტის პროცესი ხდება ადამიანებისთვის პირველ რიგში ღირებული. ყოველ საღამოს შეკრება, ძველ და ახლად გაცნობილ თანამებრძოლებთან საოცარი ერთობის გრძნობა, როცა შენს თანამოაზრეებთან ერთად ყოფნითა და მათთან ურთიერთობით შენ რაღაც დიდი, მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილად გრძნობ თავს, რაც იძლევა ემოციურ სიამოვნებას და ა.შ. ეს არ არის ჩემი მოგონილი, აშშ-სა და ევროპაში დიდი ხნის წინ შესწავლილი მოვლენაა, თუ არ მეშლება „დოფამინის ეფექტი“ ეწოდება ამას.
აქცია ერთი დღეც რომ ჩავარდეს, ან გამოტოვო, გგონია, რომ საშინელ ცოდვას სჩადიხარ და ა.შ. ანუ, შენდაუნებურად, თავად აქცია და მასში მონაწილეობა დგება შენთვის პირველ პლანზე. მე და ჩემი თაობის აქტივისტებისთვის კი ეს თეორია კი არა, პრაქტიკით მიღებული ცოდნაა (ამის მეცნიერული ახსნა რომ არსებობდა, მერეღა გავიგე), რადგანაც ეს თავად გვაქვს გამოვლილი და საკუთარ თავზე გადატანილი.
ხანგრძლივი პროტესტების დროს, საზოგადოების ნაწილში ყალიბდება ვითარება, როცა თავად პროტესტის პროცესი ხდება ადამიანებისთვის პირველ რიგში ღირებული. ყოველ საღამოს შეკრება, ძველ და ახლად გაცნობილ თანამებრძოლებთან საოცარი ერთობის გრძნობა, როცა შენს თანამოაზრეებთან ერთად ყოფნითა და მათთან ურთიერთობით შენ რაღაც დიდი, მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილად გრძნობ თავს, რაც იძლევა ემოციურ სიამოვნებას და ა.შ.
არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ვითხოვ აქციების შეჩერებას. პირიქით, ქუჩებში პროტესტი არის დღეს ერთადერთი, რაც ცვლილებების შესაძლებლობის იმედს ტოვებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა მასში მონაწილე თითოეულ ადამიანს. უბრალოდ, ჩემი აზრით, იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს საპროტესტო მოძრობას, ვიდრე მოკლევადიანი და არაადეკვატურად მაღალი მოლოდინების შექმნა, როგორც ეს 4 ოქტომბერს მოხდა.
– რადგან მმართველი გუნდის მთავარი გზავნილების თემას განვიხილავთ, მათი და მისი მხარდამჭერების ყველაზე ანგარიშგასაწევი მტკიცება ასეთია – „არანაირად არ მტკიცდება რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა“.
ბევრის მსგავსად, ხელისუფლების ნაბიჯებს საგარეო და საშინაო ასპარეზზე თქვენც აკრიტიკებთ. ევროპაზე ქვეყნის პირველი პირები ისეთს ამბობენ, კრიტიკასაც ვერ უძლებს. ამას წინათ პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელი სსრკ-სა და კრემლს შეადარა.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამას წინათ განაცხადა – „ევროკავშირი აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს ჩამორჩა“, „ევროპა ქრისტიანულ ღირებულებებს გვართმევს“, მისივე მტკიცებით, „ყველაფერი პროგმატულადაა გასაანალიზებელი, რომ ევროპული ორიენტაციის გზაზე არ დავკარგოთ ღირსება“.
ამგვარი განცხადებების მოხმობა მრავლად შეიძლება. აჯობებს, კითხვა დავსვა – რამდენად საფუძვლიანია სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერების განცხადებები – „არანაირად არ მტკიცდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული ხელისუფლებაა?
– მოდი, მარტივად გავაანალიზოთ ვითარება. პუტინის ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ ის ეწინააღმდეგება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას. ამას რუსეთი არ მალავს და მისი პირველი პირები ღიად საუბრობენ რუსეთის ხელისუფლების ამ მიზანზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
თუკი ვაღიარებთ, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროინტეგრაციას, მაშინ უბრალო, ადამიანურ ლოგიკას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება თანხვედრაშია რუსეთის მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ ამოცანებთან.
რა იქნება 2028 წლის შემდეგ, ამას დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, მათ შორის, ვერც კობახიძე, რომელიც იმ დროისთვის საერთოდ იქნება თუ არა დღევანდელ თანამდეობაზე, არავინ იცის.
თუკი ვაღიარებთ, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროინტეგრაციას, მაშინ უბრალო, ადამიანურ ლოგიკას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება თანხვედრაშია რუსეთის მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ ამოცანებთან
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის საშინაო პოლიტიკა, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, ის სახელმწიფო, რასაც აშენებს მმართველი პარტია. ევროინტეგრაცია და საერთოდ, არცერთ გაერთიანებაში შესვლა, ჩემთვის არ არის თვითმიზანი.
მე ასეთ საკითხებს განვიხილავ იმ კონტექსტში, თუ რამდენად ხელს უწყობს ამა თუ იმ გაერთიანებში შესვლა საქართველოს გადაქცევას უსაფრთხო ქვეყნად, განვითარებულ, დემოკრატიულ სახელწმიფოდ, ძლიერი ეკონომიკითა და სოციალური პოლიტიკით, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, რომლის მოქალაქეებსაც აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი უნარების, განათლებისა და შრომის შესაბამისად იცხოვრონ და მიაღწიონ წარმატებას. ევროკავშირისკენ სვლა და მისი წევრობა მე იმისთვის მინდა, რომ საქართველოსთვის საუკეთესო და ყველაზე რეალისტური გზაა ასეთი ქვეყნის ასაშენებლად.
ჩემი აზრით, საქართელოს ხელისუფლების დასავლეთთან დაპირისპირებისა და ევროინტეგრაციის შეჩერების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ პროცესი ითხოვს ქვეყნის მთავრობისგან დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, კონკურენტურ პოლიტიკურ გარემოს, სამართლიან არჩევნებს და ა.შ. ანუ, ევროინტეგრაციის პროცესში შენ უნდა იქცე სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ოღონდ ასეთ ქეყანაში ხელისუფლების ცვლილება ჩვეულებრივი ამბავია – თუ ხალხს არ მოსწონხარ, შეიძლება, გადაგირჩიონ.
ივანიშვილმა ქვეყნის სათავეში მოიყვანა ადამიანები, რომლებსაც არცერთი რეჟიმის პირობებში არასდროს უბრძოლიათ ვინმეს უფლებებისთვის, მათ, არათუ არ აჰქონდათ რეიტინგი და საზოგადოების მხარდამჭერა, არამედ ამ ადამიანების უმრავლესობას ჩვენი მოქალაქეების ლამის 99%, უბრალოდ, არ იცნობდა.
სახელმწიფო სამსახურში, ბიზნესსტრუქტურებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში ისინი იყვნენ უბრალო კლერკები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ ნებისმიერ ბრძანებას და ამას თავადაც არ მალავენ. „ვინც საჯარო სამსახურში ნაციონალური მოძრაობის დროს ვიყავით, გვახსოვს, ნახირივით როგორ გვერეკებოდნენ ნაციონალური მოძრაობის აქცებზეო“ – ბრძანებს პარლამენტარი მაია ბითაძე.
ჩემი აზრით, საქართელოს ხელისუფლების დასავლეთთან დაპირისპირებისა და ევროინტეგრაციის შეჩერების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ პროცესი ითხოვს ქვეყნის მთავრობისგან დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, კონკურენტურ პოლიტიკურ გარემოს, სამართლიან არჩევნებს და ა.შ. ანუ, ევროინტეგრაციის პროცესში შენ უნდა იქცე სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოდ
ამიტომაც ისინი ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით, ხედავენ საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. მათივე გამოთქმა რომ გამოვიყენო, აღარ სურთ, ნახირის მდგომარეობას დაუბრუნდნენ, ურჩევნიათ, თავად იყვნენ ბრძანების გამცემები.
ის ძალაუფლება, რაც აქვთ, პატიოსან, კონკურენტულ ბრძოლაში არ მოუპოვებიათ, ისინი ივანიშვილმა მოიყვანა. კარგად იციან, რომ ივანიშვილის გარეშე ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომაც ცდილობენ, რეპრესიებით, პარტიების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვით, არ დაუშვან ოპოზიციის მოძლიერება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ძალაუფლებას.
ეს გზა კი შეუთავსებელია ევროინტეგრაციის პროცესთან. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მთავარი მოტივი, რის გამოც მათ შეაჩერეს ევროინტეგრაცია და დაიწყეს მკაცრი ანტიდასავლური რიტორიკა, არის სწორედ ის, რომ კობახიძე-პაპუაშვილის გუნდი ცდილობს, დემოკრატიის შეზღუდვის ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება, ხოლო დასავლეთი ამას ეწინააღმდეგება.
ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მთავარი მოტივი, რის გამოც მათ შეაჩერეს ევროინტეგრაცია და დაიწყეს მკაცრი ანტიდასავლური რიტორიკა, არის სწორედ ის, რომ კობახიძე-პაპუაშვილის გუნდი ცდილობს, დემოკრატიის შეზღუდვის ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება, ხოლო დასავლეთი ამას ეწინააღმდეგება
აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ნებისმიერ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ცდილობს ქვეყანაში ანტიდემოკრატიული კურსის გატარებას, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა თუ ოპოზიციის შეზღუდვას და უპირისპირდება ქვეყნის ევროპულ არჩევანს, მისი პოლიტიკა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ემთხვევა და ემსახურება რუსეთის ინტერესებს.
– თუ სახელისუფლებო პროპაგანდაზე გავაგრძელებთ საუბარს, უნდა გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მსჯელობები ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელდასმით სომხეთში აშშ გააქტიურებას პერსპექტივა არ აქვს, ასევე იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით სრული გაუგებრობაა და ჯერჯერობით ომის დასრულების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს.
ეს ბოლო აზრი, სხვა მოსაზრებებისგან განსხვავებით, უსაფუძვლო სულაც არაა, რადგან უკრაინის ომის დასრულებაზე ტრამპის ე.წ. „სამშვიდობო გეგმაც“ მეტყველებს.
ასეთ ურთულეს და ჯერაც გაურკვეველ ვითარებაში ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერებისგან გვესმის მტკიცებები – „სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოპოლიტიკური გადანაწილების ახალ ფაზაში“.
პირდაპირ არა, მაგრამ, ირიბად საუბარია იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში აქტიურად მონაწილეობს რუსეთი და ოფიციალურმა თბილისმა ეს უნდა გაითვალისწინოს.
ამგვარი მსჯელობები იმის გაგრძლება და ნაწილია, 2025 წლის იანვარში, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რომ გვესმოდა – აშშ, ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს იყოფენო.
ამგვარ მსჯელობებსაც რომ თავი დავანებით, ჩანს, რომ საქართველო მოხვედრილია გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში. ზოგი ამტკიცებს, რომ „საქართველო რუსულ სივრცეშია“, მეორენის მტკიცებით, საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს ევროპულ პერსპექტივას.
იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ევროპაც და მსოფლიოც ურთულეს ვითარებაშია, სულ უფრო ხშირად გვესმის მტკიცებები, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე ინფრასტრუქტურული და გეოპოლიტიკური გადანაწილების ახალ ფაზაში შევიდა, სავარაუდოდ, გადანაწილების რომელ ნაწილშია მოხვედრილი, ან სავარაუდოდ მოხვდება საქართველო?
– ყარაბახის გამო სომხეთ-აზარბაიჯანის კონფლიქტის დასრულებამ კავკასიაში ახალი რეალობა შექმნა. პაშინიანმა რეგიონში რუსეთის მთავრი დასაყრდენი, სომხეთი, ნელ-ნელა შემოატრიალა ევროპისკენ. როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, ეს მნიშვნელოვნაწილად იქნება დამოკიდებული სომხეთში 2026 წელს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე.
თუკი პრორუსულმა ძალებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს და პაშინიანმა შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, საქართველოში, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ლოგიკურად გამოიკვეთებოდა ქართულ-სომხური ალიანსით ევროინტერგაციის პროცესის დაჩქარება. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი ალიანსი ევროპისთვის ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე მხოლოდ საქართველო.
ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისა და სომხეთ-აზარბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე, რა თქმა უნდა, სამივე კავკასიურ სახელმწიფოს უჩნდება საერთო ეკონომიკური ინტერესები, შეიძლება ერთიანი პოზიციების შემუშავება უსაფრთხოების სფეროშიც, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, საქართველოში ძლიერი, დამოუკიდებლად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების არსებობა, რომლის ლიდერებიც საკუთარი სკამების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაზე ფიქრით კი არ იქნებიან დაკავებული, არამედ იმაზე ზრუნვით, თუ საქართველოს ინიციატივით, როგორ დაიწყოს რეგიონის სამივე სახელმწიფოს თანამშრომლობა და გაძლიერება როგორც უსაფრთხოების, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.
ახლა კავკასიის ქვეყნებისთვის ძალიან დიდი პერსექტივა იშლება და ამ პროცესში საქართველოს, საკუთარ როლზე ყოველგვარი ამპარტვანული და გადაჭარბებული შეხედულების გარეშე, ბუნებრივად შეუძლია ითამაშოს წამყვანი სახელმწიფოს, ლოკომოტივის ფუნქცია. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ.
ახლა კავკასიის ქვეყნებისთვის ძალიან დიდი პერსექტივა იშლება და ამ პროცესში საქართველოს, საკუთარ როლზე ყოველგვარი ამპარტვანული და გადაჭარბებული შეხედულების გარეშე, ბუნებრივად შეუძლია ითამაშოს წამყვანი სახელმწიფოს, ლოკომოტივის ფუნქცია. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ
ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და განსაკუთრებით, საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რით დამთავრდება კონფლიქტი უკრაინაში, შეძლებს თუ არა უკრაინა-კოლექტიური დასავლეთის ალიანსი რუსეთის ექსპანსიონისტური მიზნებისა და ქმედებების ალაგმვას, ომის გაჩაღებისათვის პუტინის იმპერიის ისე დასუსტებას, რომ მან აღარ გაიხადოს მეზობლების დასაპყრობად.
ამ კუთხით ვითარება ისეთი ცვალებადი და არაპროგნოზირებადია, როგორც დასავლური სამყაროს ლიდერის, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ხასიათი და პოლიტიკა.
რუსეთ-უკრაინის ომის მეტ-ნაკლებად სამართლიანად დასრულება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე კიდევ ერთი ომის შეწყვეტა. შეძლებენ თუ არა თავისული სამყაროს ლიდერები, შეინარჩუნონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთოებების მეტ-ნაკლებად სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ძლიერს და დიდს არ აქვს შესაძლებლობა, დაიპყროს ან ტერიტორიები წაართვას პატარას და სუსტს?
მოახერხებენ თუ არა თავისუფლებისა და დემოკრატიიის იდეაზე დაფუძნებული სახელმწიფოები, წინ აღუდგნენ დიქტატორების სწრაფვას, გააფართოვონ თავიანთი გავლენის სფეროები, სულ უფრო მეტი ხალხი მოაქციონ ავტორიტარული რეჟიმების ბატონობის ქვეშ?
თუ ევროპა და ამერიკა უკან დაიხევენ და უკრაინის გაწირვით დაუშვებენ კბილებამდე შეიარაღებულ, აბსოლუტურად დაუნდობელ, იმპერიული ვნებებით შეპყრობილი 21-ე საუკუნის დესპოტიის მიერ ევროპის ყველაზე დიდი დემოკრატიული სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი ათობით მილიონი მოქალაქის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას?
რუსეთ-უკრაინის ომის მეტ-ნაკლებად სამართლიანად დასრულება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე კიდევ ერთი ომის შეწყვეტა. შეძლებენ თუ არა თავისული სამყაროს ლიდერები, შეინარჩუნონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთოებების მეტ-ნაკლებად სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ძლიერს და დიდს არ აქვს შესაძლებლობა, დაიპყროს ან ტერიტორიები წაართვას პატარას და სუსტს?
არ მეგონა, რომ ამ ბრძოლაში ქართველებს არჩევნის გაკეთებაზე მოგვიწევდა კამათი, გავიყოფოდით იმაზე, თუ ვის მხარეზე უნდა დავმდგარიყავით, აგრესორის თუ იმისი, ვინც თავის დამოუკიდებლობას იცავს, დემოკრატიული სამყაროსი, თუ ავტორიტარული სახელმწიფოსი, რომელსაც თან ჩვენი ტერიტორია აქვს მიტაცებული.
ვიანაიდან ასე მოხდა, ახლა სწორი არჩევნის გაკეთება, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება. კარგად უნდა გავიგოთ, რომ არავინ კალთებს არ დაგვახევს და არ გვაიძულებს არც ევროკავშირში „შეთრევას“ და არც დასავლეთის სამყაროს წევრობას.
გარწმუნებთ, აშშ-მ და ევროპამ აქამდე როგორმე გაძლო საქართველოს გარეშე და მომავალშიც რამენაირად შეძლებს ჩვენ გარეშე არსებობას! მშვიდად, წყნარად, ჩვენი ერის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებითა და შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი, არა მარტო დღეს მცხოვრები, არამედ მომავალი თაობების სასარგებლოდაც.
ახლა სწორი არჩევნის გაკეთება, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება. კარგად უნდა გავიგოთ, რომ არავინ კალთებს არ დაგვახევს და არ გვაიძულებს არც ევროკავშირში „შეთრევას“ და არც დასავლეთის სამყაროს წევრობას
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, უკრაინა და ევროპა ამ ომში ბუნებრივი მოკავშირეები ვართ. არსებულ ვითარებაში მხოლოდ უკრაინაში მარცხმა შეიძლება დააკარგინოს რუსეთს იმპერიის აღდგენისთვის ბრძოლის შესაძლებლობა, ჩვენ და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შეგვიქმნას მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების პირობები.
რუსების მარცხში მე უკრიანელების მიერ მოსკოვის აღებას არ ვგულისხმობ. უკრაინის გამარჯვებაა სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, ევროინტეგრაციისა თუ უსაფრთხოების საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უფლების დატოვება, კიევზე მოსკოვის კონტროლის არდაშვება.
ამის ვერდანახვა წარმოუდგენელ სიბეცედ მიმაჩნია, ამიტომ ყოველთვის კონრპროდუქტიულად და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმაჩნდა საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მომხრეების მხრიდან ანტიუკრაინული პროპაგანდის გაღვივების ნებისმიერი მცდელობა, იმისდამიუხედავად, თუ ვის რა დამოკიდებულება აქვს ზელენსკისა და მისი მთავრობის მიმართ.
– საუბარი საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებით უნდა გავაგრძელოთ და დავასრულოთ.
„ინტერპრესნიუსთან“ ორი თვის წინანდელ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი – „ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს“.
სოციოლოგთა ნაწილი თვლის რომ მმართველი გუნდის „ეს მცდელობა“, საკმაოდ წარმატებულიც კია.
ერთხელ გამოვთქვი მოსაზრება და უნდა გავიმეორო – „ივანიშვილი ოპოზიციას ჭადრაკს ეთამაშება, ოპოზიცია კი შაშის თამაშს აგრძელებს.“ თან, ეს ხდება იმის ფონზე რომ სახელისუფლებო პროპაგანდის დამსახურებით, როგორც თქვენ ამბობთ, „ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილად აქცია.“
ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობა, საარჩევნო კოდექსში შესატანი დაგეგმილი ცვლილებები, სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, დაწყებული საუბრები იმაზე, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილოების უფლება მხოლოდ საქართველოში ექნებათ და ასე შემდეგ, მხოლოდ ოპოზიციური აზრის შეზღუდვაზე მეტყველებს.
რა ტიპის ამოცანების წინაშეა დღეს ოპოზიციური სპექტრი და რა შანსი აქვს მას ჩამოყალიბდეს ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ალტერნატიულ ძალად?
– თავის დროზე, ივანიშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ქართველი პოლიტიკოსების ამბიციები, დათანხმდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის 1% -მდე დაწევას, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი პარტიების დაქსაქვა-დანაწევრებას. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელთა მიზანი იყო, პოლიტიკურ პროცესსა და მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტიების ხელმძღვანელებად დაფიქსირებულიყვნენ, დაარწმუნეს საზოგადოება, თითქოს 1%-ანი ბარიერი მეტ დემოკრატიას ნიშნავდა და ამ გზით “ქართულ ოცნებას” უფრო იოლად დაამარცხებდნენ.
სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელთა მიზანი იყო, პოლიტიკურ პროცესსა და მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტიების ხელმძღვანელებად დაფიქსირებულიყვნენ, დაარწმუნეს საზოგადოება, თითქოს 1%-ანი ბარიერი მეტ დემოკრატიას ნიშნავდა და ამ გზით “ქართულ ოცნებას” უფრო იოლად დაამარცხებდნენ… არავინ მითხრას, რომ ამ პარტიების შექმნის მიზანი ივანიშვილის დამარცხება იყო, ამ ტყუილის არავის სჯერა!
მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც ასე ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგანაც პარტიების დაქსაქსვა და დანაწევრება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში იყო. თითოეულმა პოლიტიკოსმა, რომელიც ერთი-ორჯერ გამოჩნდა ტელევიზიით, საკუთარი პარტია გააკეთა, რის შედეგადაც შეიქმნა ორგანიზაციული და რესურსების თვალსაზრისით სუსტი, კვაზი პარტიები, რეალურად კი, ლიდერის გარშემო გაერთიანებული ადამიანთა მცირე ჯგუფები, რომლებსაც მხოლოდ მათი ლიდერების სახელით თუ იცნობს მოსახლეობა და რომელთა გავლენაც, ხშირ შემთხვევაში, სატელევიზიო ტოკშოუების სტუდიებს არ ცდებოდა. არავინ მითხრას, რომ ამ პარტიების შექმნის მიზანი ივანიშვილის დამარცხება იყო, ამ ტყუილის არავის სჯერა!
ეს ორგანიზაციები ვერანაირ სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ პოლიტიკურ პროცესზე და არანაირად არ წარმოადგენენ მმართველი პარტიის ალეტრნატივას. სინამდვილეშში, ამის შედეგად გვაქვს კიდევ უფრო დასუსტებული პოლიტიკური სპექტრი.
მეტი დემოკრატიის ნაცვლად, რომელიც რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას და ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივის არსებობას გულისხმობს, მივიღეთ დემოკრატიული პროცესის უხარისხო სუროგატი, ერთი ძლიერი მმართველი პარტიით, მისი რეალური ალტერნატივის ფაქტობრივი არარსებობით, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა რეჟიმი.
მეტი დემოკრატიის ნაცვლად, რომელიც რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას და ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივის არსებობას გულისხმობს, მივიღეთ დემოკრატიული პროცესის უხარისხო სუროგატი, ერთი ძლიერი მმართველი პარტიით, მისი რეალური ალტერნატივის ფაქტობრივი არარსებობით, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა რეჟიმი
„ქართულმა ოცნებამ“ მშვენივრად გამოიყენა ოპოზიციის შეცდომები, უკვე დასუსტებულ-დაქსაქსულ პოლიტიკურ სპექტრს უკან დაუბრუნა გაზრდილი ბარიერი საპარლმენტო არჩევნებზე და, ფაქტობრივად, აზრი დაუკარგა ამ ფორმით მათ არსებობას.
ახლა „ოცნებამ“ საერთოდ დაიწყო პოლიტიკური სპექტრის მოსუფთავების პროცესი, დაიჭირა მისი ლიდერები, რაშიც ხელისუფლებას ხელი შეუწყო მოსახლეობის (მათ შორის, აქტივისტების) თვალში ოპოზიციის სრულმა დისკრედიტაციამ.
ძლიერი, საზოგადოების მხარდაჭერის მქონე ალტერნატივის გარეშე ხელისუფლებები არ იცვლება. ესაა აქსიომა, რაც, ჩემი აზრით, საქართველოში ბევრს არ უნდა, რომ გაიგოს. ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია.
ის ადამინები, რომლებიც წელზე მეტია, ამ საპროტესტო მოძრაობაში არიან ჩართულნი, მხოლოდ პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებენ. ოღონდ ის აზრი, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტით ხელისუფლება შეიცვლება, ჩემი აზრით, ილუზიაა.
ქუჩის პროტესტი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც ძლიერმა, ხალხის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა წარმართოს. ამიტომ ძლიერი ალტერნატივის შექმნა უმთავრესი პოლიტიკური ამოცანაა. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არსებლი ვითარება მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს.
ქუჩის პროტესტი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც ძლიერმა, ხალხის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა წარმართოს. ამიტომ ძლიერი ალტერნატივის შექმნა უმთავრესი პოლიტიკური ამოცანაა. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არსებლი ვითარება მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს
ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მოსახლეობის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ალტერნატივა არ გამოჩნდება (ეს არ ნიშნავს აუცილებლად ერთ ლიდერს და ერთ პარტიას), მანამდე, მე, პირადად, არც დასავლეთის დიდ აქტიურობას ველოდები და არც ქვეყენაში რეალური ცვლილებების შესაძლებლობის გაჩენას.
პოლიტიკოსები კი, თუ უკან არ გადაწევენ საკუთარ ამბიციებსა და ძლიერი ალტერნატივის შექმნაზე არ იზრუნებენ, კიდევ კარგა ხანი დაგვტოვებენ ამ მდგომარეობაში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი



