ირაკლი მელაშვილი – ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს პლებისციტი, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ხელისუფლებამ დაუთმო ბოლომდე ოპოზიციას და არც ოპოზიციამ და ორივე თანხმდება, რომ გადაწყვიტოს ხალხმა

ექსპერტი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ყველაზე კარგი გამოსავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარება იქნებოდა, რომლის დროსაც, ამომრჩეველი თავად გადაწყვეტდა, სურს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო ს ჩატარება. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან საინტერესო იყო ამ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილთან გამართული ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა. იქ ელჩებმა ერთი კითხვა დასვეს, ივანიშვილმა არჩევნები რომ დანიშნოს, ამისთვის მზად თუ ხართო. ოპოზიციას ამაზე მაინცდამაინც კონკრეტული პასუხი არ გაუცია. საინტერესოა ისიც, რომ ახლა ოპოზიციური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ რეგიონებში თავისი სტრუქტურების შექმნით. ყველა ხვდება, რომ არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. ხელისუფლების ყველაზე დიდ ინტერესში იქნება, რომ ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადოს ბოიკოტი, მეორე ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა და ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს”, – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
ექსპერტის აზრით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ოპოზიციას წარმატების სერიოზული შანსი აქვს.
„თუ ოპოზიციამ, მინიმუმ, ამ ოთხმა პარტიამ, პლუს “ფედერალისტებმა”, და კიდევ რამდენიმემ არჩევნებში ერთიანად მიიღეს მონაწილეობა, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების და თბილისის მოგების სერიოზული შანსი აქვს. ეს იცის ხელისუფლებამ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია გათიშოს ბოიკოტისტებად და არჩევნებში მონაწილეებად და ისე დაამარცხოს”, – ამბობს მელაშვილი.
მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან პლებისციტის ჩატარება იდეალური გამოსავალი იქნებოდა.
„ბიძინა ივანიშვილს დიდი მოთმინების უნარი აქვს. თუკი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოხდება ოპოზიციის მარგინალიზაცია, მან შეიძლება დანიშნოს არჩევნები და უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს. შუალედური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთი მხრიდანაც და მეორიდანაც – როდესაც ერთი არჩევნებს ითხოვს და მეორე უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა გახდეს ხალხი. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში პლებისციტი იდეალური გამოსავალი იქნება. სავსებით შესაძლებელია პლებისციტი აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც შეთანხმდება ერთმანეთთან ორი მხარე, ოღონდ ამისთვის აუცილებელია ოპოზიცია იყოს თანამშრომლობის ისეთ რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალური ხმების მობილიზებას ოპოზიციის სასარგებლოდ”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს უფრო ნათელი გეგმა უნდა შესთავაზოს.
„ოპოზიცია ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ცხადი არჩევანი, რას გააკეთებენ უკეთესად, რა პრობლემებს მოაგვარებენ, ქვეყანას რა პერსპექტივას გაუჩენენ. მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა და იმაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილი ს პროექტია და ყველანი რუსეთის აგენტები არიან, არ არის საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად.
ფაქტია, ხელისუფლების პროპაგანდა უფრო წარმატებულია, ვიდრე ოპოზიციის. რა თემებითაც მიდის ხელისუფლება ხალხთან, ამაზე ოპოზიციას პასუხები არა აქვს. მშვიდობის თემას საერთოდ ხელი ჰკრეს, თქვეს, ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, ამაზე კამათს „ოცნებასთან” არც დავიწყებთო, და სინამდვილეში ამით არჩევნები წააგეს, რადგან ხელისუფლებამ ხალხი დაარწმუნა, რომ ის არის მშვიდობის გარანტი, ოპოზიცია კი ომის საფრთხეა. დღეს მსოფლიო ბანკიც, სავალუტო ფონდიც და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აჩვენებენ, რომ 11%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უსმენ ოპოზიციის ეკონომიკის ექსპერტებს და გაიძახიან, ქვეყნის ეკონომიკა დაქცეულიაო. რაშია საქმე, რაღაცის ანალიზი ხომ უნდა გაკეთდეს? ანუ არის ეკონომიკაში რაღაც, რაშიც “ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, სწორია, ხომ? ასე რომ, ოპოზიციას ტაქტიკა საფუძვლიანად გადასახედი აქვს და ლაპარაკი, არაფერს აზრი არა აქვს, ამ ქვეყანაში არჩევნების თემა დახურულიაო და ა.შ., ძალიან მცდარია. ყველაზე ცუდი პოზიციაა ის, როდესაც საზოგადოებას ეუბნები, არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთო, საზოგადოება კი სვამს კითხვას, კარგი, არ წავედი არჩევნებზე, მერე რა ხდებაო, ამაზე არავინ არაფერს ეუბნება. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს პლებისციტი, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ხელისუფლებამ დაუთმო ბოლომდე ოპოზიციას და არც ოპოზიციამ და ორივე თანხმდება, რომ გადაწყვიტოს ხალხმა. ჩემი აზრით, პლებისციტი ოპოზიციისთვის გაცილებით მომგებიანია, რადგან პლებისციტში გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე არჩევნებში. ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც ველი უნდა არსებობდეს, სადაც შეთანხმება მოხდება, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ და ახალ არჩევნებს მივაღწიოთ. ამას კი სჭირდება მექანიზმები. იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს დავუპირისპიროთ, სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოდის თვითმმართველობის არჩევნები, რაღა დარჩა, 5 თვე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კიდევ უფრო ნაკლები და რაღაც ვერ ვხედავ, რომ ამ ოთხ თვეში ხელისუფლებას შევცვლით, ივანიშვილი ჩემოდნებს ჩაალაგებს და ქვეყნიდან გაიქცევა“, – ამბობს მელაშვილი.
მისი თქმით, პლებისციტის იდეაზე ოპოზიციის ლიდერებთანაც უსაუბრიათ. კითხვაზე, თუ რას ამბობენ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები, მელაშვილი პასუხობს.
„უბედურება ის არის, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც არ არის ამ ძალიან აგრესიული მეინსტრიმული ბაბლის მოწონების საგანი, ყველა ერიდება საუბარს, იმიტომ, რომ არ სურთ ამ აგრესიისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. ოპოზიციას რაღაცები შესაცვლელი აქვს და ამაზე თუ არ იფიქრა, არც პლებისციტი უშველის, არც არჩევნები და არც ივანიშვილი გაიქცევა. ამათი შემხედვარე, არც ამერიკა და ევროპა შეცვლიან საბოლოოდ ხელისუფლებას, თუკი დაინახეს, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ დღის წესრიგის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომლითაც მხარდაჭერას მოიპოვებს. მილიონჯერ მითქვამს, კადაფის რეჟიმთან ჰქონდათ ურთიერთობა და ბიძინა ივანიშვილთანაც მოაგვარებენ ყველაფერს, თუ ოპოზიცია მარგინალიზაციის გზით წავიდა”, – ამბობს მელაშვილი.